"ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დროს ქართული კერძო სექტორია“, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა "საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა. მინისტრის თქმით, ხშირ შემთხვევაში ქართული კომპანიები არ არიან მზად მსხვილი თანხების ათვისებისთვის, სწორედ ამიტომ დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების ტენდერებში ძირითადად უცხოური კომპანიები მონაწილეობენ, თუმცა მათ ჰყავთ ქვეკონტრაქტორები, რომლებიც ქართული კომპანიები არიან.
"ხშირად ჩვენი კონტრაქტორები იმ სამუშაოს ეჭიდებიან, რომელსაც ჰგონიათ რომ მარტივად შეასრულებენ, ზოგ შემთხვევაში კვალიფიკაციის ნაკლებობაა, ზოგჯერ კი საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. კარგი იქნება, რომ ყველა იმ კომპანიამ, რომელიც საქართველოში ამ სექტორშია დასაქმებული, საკუთარი შესაძლებლობების განვითარებაზე იმუშაოს. ეს არის ახალგაზრდა კადრების კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები, თუ საზღვარგარეთ მათი სწავლების ხელშეწყობა", - განაცხადა მინისტრმა. მისივე განმარტებით, ქართულ კომპანიებს არც თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტექნიკის შემოტანა და დანერგვა აწყენდათ.
„თანამედროვე ტექნოლოგიებია არის შესაძლებლობა, რომელიც ქართულ სამშენებლო სექტორს სხვა დონეზე აიყვანდა. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც საქართველოში დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების ტენდერებში უცხოური კომპანიები იღებენ მონაწილეობას, არის თანამედროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიების ფლობა. ხშირ შემთხვევაში ქართველი ბიზნესმენები ბიზნესში ინვესტირების ნაცვლად საკუთარი ავტოპარკის გაუმჯობესებით არიან ხოლმე დაკავებული. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სექტორმაც იმუშაოს საკუთარი შესაძლებლობების განვითარებაზე“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.