BP საქართველოს დირექტორი კრის შლიტერი BMG -სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველომ სწორად აითვისა ის პოტენციალი, რომელიც ქვეყანას სატრანზიტო დერეფნის ჩამოყალიბების კუთხით ჰქონდა. შლიტერის განმარტებით კასპიის ზღვის რეგიონში არსებული ენერგო რესურსების საერთაშორისო ბაზრისთვის მიწოდებაში საქართველო, როგორც სატრანზიტო დერეფანი, ძალიან მნიშნელოვან როლს თამაშობს. BP საქართველოს დირექტორის თქმით რეგიონში მოპოვებული ენერგიის სადისტრიბუციოდ საქართველოს შესაძლებლობების გამოყენებას ბრიტანული მულტინაციონალური ნავთობისა და გაზის კომპანია მომავალშიც გააგრძელებს.
ამასთან, BP საქართველოს დირექტორი ამბობს, რომ „საქართველოს სასამართლო კერძო სექტორთან მიმართებით ხშირად არაადეკვატურია". ბრიტანული ნავთობისა და გაზის კორპორაციის ქართული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ სასამართლო ეს ის სისტემაა, რომელსაც აუცილებლად აქვს გავლენა და თან პირდაპირი, ნებისმიერ საინვესტიციო შეთანხმებასა და შემდგომ ამ შეთანხმების ეფექტიანად იმპლემენტაციაზე.
"ხშირად მსმენია ამ სისტემაში არსებულ პრობლემებზე" - ამბობს კრის შლიტერი, რომელიც ევროკავშირი–საქართველოს ბიზნეს საბჭოს" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეც გახლავთ.
შლიტერი BMG-სთან საუბარში ასევე აღნიშნავს, რომ მოხარულია იმ ფაქტით, რომ საზოგადოება საუბრობს ამ სისტემაში არსებულ გამოწვევებზე და თუნდაც მედია საშუალებების მხრიდან ხდება ხაზგასმა იმ პრობლემური საკითხებისა, რომელიც რეალურად არის ამ სისტემაში.