მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხულო-ზარმის გზის რეაბილიტაციის პროექტზე სასესხო ხელშეკრულება იცვლება

638dafadd0999
ინგა მურუსიძე
05.12.22 15:30
435
ხულო-ზარმის გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდს (KFAED) შორის სასესხო ხელშეკრულება იცვლება. საკითხი დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.

საქმე ის არის, რომ პროექტი ითვალისწინებს ბათუმი-ახალციხის ორზოლიანი გზის დაახლოებით 29-კილომეტრიანი მონაკვეთის (ხულო-გოდერძის მონაკვეთი) რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას, პროექტი ასევე მოიცავს 4 ხიდის რეკონსტრუქციას, წყალგამტარი მილების, სადრენაჟე სისტემების მოწყობას და საგზაო უსაფრთხოების მონიშვნებს. პროექტის განხორციელების მიზნით KFAED-ის მიერ გამოყოფილია 8 000 000 ქუვეითური დინარის(დაახლოებით $26.5 მლნ) ოდენობის ფინანსური რესურსი.

პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების თანახმად, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიმართა ფინანსთა სამინისტროს აღნიშნულ სასესხო ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თხოვნით, რომელიც ითვალისწინებს:
1. სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში არსებული დანაზოგის გაუქმებას (2 300 000 ქუვეითური დინარი) დაახლოებით 7.4 მლნ აშშ დოლარი));
2. სასესხო ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის ფარგლებში თანხის გამოთხოვის ბოლო ვადად 2025 წლის 31 დეკემბრის განსაზღვრას (ნაცვლად 2021 წლის 31 დეკემბრისა)
3. ხელშეკრულების დანართში („პროექტის აღწერა“) ცვლილებების შეტანას, კერძოდ, პროექტის ფარგლებში 29-კილომეტრიანი მონაკვეთის ნაცვლად, 24-კილომეტრიანი მონაკვეთის განსაზღვრა.

„გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხულო-გოდერძის უღელტეხილის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 2020 წლის 6 მარტს შეუწყდა ხელშეკრულება. სამუშაოების დაწყების გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წინადადებით და KFAED-ის თანხმობით, პირველი ლოტიდან გამოიყო საწყისი 5 კმ-იანი მონაკვეთი და დაფინანსების წყაროდ განისაზღვრა სახელმწიფო ბიუჯეტი, ხოლო სამუშაოების დასრულების თარიღად 2021 წლის 11 დეკემბერი.

გამოცხადებული ახალი ტენდერის შედეგად, 2020 წლის 9 ოქტომბერს ხელშეკრულება გაფორმდა კომპანია „Cinohydro Corporation Limited”- თან. სამუშაოების დაწყების თარიღი იყო 2021 წლის 20 იანვარი, ხოლო დასრულების ვადად განისაზღვრა 2023 წლის 19 იანვარი. ამავე ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოების დასრულების შემდეგ, დეფექტების შეტყობინების ვადა შეადგენს 730 დღეს. პროექტის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, საჭიროა განხორციელდეს ცვლილება სასესხო ხელშეკრულებაში და სესხის ფარგლებში თანხის გამოთხოვის ბოლო ვადად განისაზღვროს 2025 წლის 31 დეკემბერი. სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე, საჭიროა დაკორექტირდეს პროექტი და ნაცვლად 29 კმ-იანი მონაკვეთისა, უნდა მიეთითოს 24 კმ-იანი მონაკვეთი, ხოლო პროექტის დასრულების ვადად უნდა განისაზღვროს 2024 წლის ბოლომდე“, - წერია ცვლილებების შესახებ მომზადებული პროექტის განმარტებით ბარათში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები