“მინდა გითხრათ საკმაოდ უხერხულობაში ჩავარდა რუსეთის დელეგაცია,”- ტელეკომპანია პირველის ამბობს საქართველოს პარლამენტის წევრი, ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე. ხუნდაძის თქმით, მართლმადიდებლური ქვეყნების პარლამენტთაშორისი ასამბლეის პირველი დღე ჩატარდა ავლაბრის სასახლეში და აღნიშნული სესია “საქმიანი” იყო. ხუნდაძის თქმით, სესიაზე საქართველოს წარმომადგენლებმაც ისაუბრეს, რამაც რუსეთი “უხერხულობაში” ჩააგდო.
“ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ეს ასამბლეა ეწვია საქართველოს, ჩვენ ვიყავით ამ ასამბლეის მასპინძელი. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასამბლეის ვიზიტი, მე ახლაც ასე ვფიქრობ. მე არ მომწონს და კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომ პარლამენტში ჩატარდა, ვფიქრობ ჯობდა სხვაგან ჩატარებულიყო მეორე დღის სესიები. პირველ დღეს, ასამბლეის გახსნა მოხდა ავლაბრის სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, ანუ ყოფილ პრეზიდენტის სასახლეში. იქ ვფიქრობ, რომ საქმიანად ჩატარდა სესია. 4 კონტინეტზეა გაშლილი ამ ასამბლეის წევრთა რაოდენობა. 25 ქვეყანა არის მართლმადიდებლური და მათგან ერთ-ერთი არის რუსეთი. ჩვენ ჩვენ პრობლემებზე ვსაუბრობთ, მინდა გითხრათ საკმაოდ უხერხულობაში ჩავარდა რუსეთის დელეგაცია.
კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, ჩემთვის მიუღებელია, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის ადგილზე აღმოჩნდა ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი. ჩემი პროტესტი იყო იმდაგვარი. მე იმისდა მიუხედავად, რომ ვიყავი დელეგატი, მე პრინციპულად არ შევედი დარბაზში. მაგრამ ასამბლეა, მართლმადიდებლური, მე ვფიქრობ არის კიდევ ერთი დამატებითი ფორმატი, სადაც სწორედაც რომ რუსეთია წევრი,”- ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.

























