მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალიდან კოსტავას ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილების სქემა დროებით იცვლება

6328789093e08
BM.GE
19.09.22 19:25
1771
თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, კოსტავას ქუჩაზე - გმირთა მოედნის მიმართულებით არსებულ საგზაო მონაკვეთში, 20 სექტემბრიდან სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, რის გამოც სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება.

ჭავჭავაძის გამზირიდან და კეკელიძის ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებები მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით იმოძრავებენ. რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები მელიქიშვილის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ ქიაჩელის, ახვლედიანისა და ნიკოლაძის ქუჩების გავლით. მელიქიშვილის გამზირიდან კი, ავტომობილები ვარაზისხევის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ. ასევე, ქიაჩელის, ახვლედიანისა და ნიკოლაძის ქუჩებიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებას შეძლებენ ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით, ხოლო ვარაზისხევის ქუჩიდან ამომსვლელ სატრანსპორტო საშუალებებს მარცხნივ მოხვევით, შეეძლებათ, რუსთაველის გამზირის მიმართულებით იმოძრაონ.

აღნიშნული სამუშაოების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემაც შეიცვლება.

რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები: N306, N310, N314, N326, N331, N337, N342, N352, N358, N378, N391, N397 და მიკროავტობუსები: N472, N532, N540, N541 პირველი რესპუბლიკის მოედნის, ქიაჩელისა და ნიკოლაძის ქუჩების გავლით, მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლებენ, ვარაზისხევის ქუჩის საშუალებით, გმირთა მოედანზე გადაადგილდებიან და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.

გმირთა მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი ავტობუსები: N306, N 310, N314, N326, N331, N337, N342, N352, N358, N378, N391 და მიკროავტობუსები: N472, N532, N540, N541 ვარაზისხევის ქუჩიდან მელიქიშვილის გამზირზე მოხვდებიან და კოსტავას ქუჩის გავლით, დადგენილი სქემით იმოძრავებენ. ვაკიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები: N307, N311, N351, N354, N387 და მიკროავტობუსი: N512 გადაადგილებას შეძლებენ ვარაზისხევის ქუჩით. უკუმიმართულებითაც, გადაადგილება შესაძლებელი იქნება ამავე ქუჩის გამოყენებით.

რაც შეეხება ვაკიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრავ ავტობუსებს, N301, N345, N359, N388, N397 და მიკროავტობუსი - N540 ჭავჭავაძის გამზირიდან მელიქიშვილის გამზირისა და კოსტავას ქუჩის გავლით, უკვე არსებული სქემით იხელმძღვანელებს. რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, ავტობუსები: N301, N345, N359, N388 და მიკროავტობუსი - N540 მელიქიშვილის გამზირზე გადაადგილდება პირველი რესპუბლიკის მოედნის, ქიაჩელისა და ნიკოლაძის ქუჩების გავლით, რის შემდეგაც, ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით იმოძრავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები