ხვალიდან თბილისში Car Sharing-ის პროგრამა სრული დატვირთვით ამოქმედდება.
როგორც BM.GE-ს aicar-ის დირექტორმა გიორგი ხუროძემ განუცხადა, პროგრამაში ჯამში, თბილისში, 3000-მდე ელექტრო ავტომობილი ჩაერთვება.
„aicar“-ის მუშაობის მთავარი პრინციპია დაზოგო დრო და ფინანსები, ამ კუთხით ის მომხმარებელს მოქნილ სერვისს ე.წ. საზიარო ავტომობილს სთავაზობს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მომხმარებელს შეუძლია, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, სპეციალური აპლიკაციის საშუალებით, იპოვოს უახლეს წერტილში aicar-ის მანქანა და გადაადგილდეს სასურველი მიმართულებით.
ავტომანქანით სარგებლობის შემდეგ, ავტომობილის დატოვება მომხმარებელს თბილისის მასშტაბით ნებისმიერ პარკინგზე შეეძლება.
aicar-ის ავტოპარკის ყველა ავტომობილი ელექტრონულია.
სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, თანხის გადახდა ბარათით იქნება შესაძლებელი და ის როგორც - კილომეტრების, ასევე დროის რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.
1 კმ - 45 თეთრი, 1 წუთი კი - 8 თეთრი ეღირება და ფასის დათვლის დროს გამოანგარიშება ორივე კომპონენტის მიხედვით მოხდება.
ეკო მიმართულებით მომუშავე, პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფის - aigroup-ის პრეზენტაციას დღეს პრემიერ მინისტრი და თბილისის მერიც დაესწრნენ.
ცნობისთვის, საქართველოს ბაზარზე ოპერირებას იწყებს ჰოლდინგი, რომელიც აერთიანებს ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა: aienergy-ი, aicar-ი aipower-ი და aiproduction-ი.

























