კომპანიებს, რომლებიც საუბრობენ, რომ ვიღაც ბაზარზე დემპინგური ფასით შემოდის, თავად სურთ მონოპოლია,- ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ საქართველოში Yandex Taxi-ს ხელმძღვანელმა თენგიზ გელიანმა განუცხადა.
მისი თქმით, შეუძლებელია, ვინმემ თვითღირებულებაზე დაბალი ტარიფით გასწიოს მომსახურება, დღეს კი ქართულ ბაზარზე ერთ კილომეტრზე მგზავრობის საშუალო ღირებულება 10-15 თეთრს არ აჭარბებს.
თენგიზ გელიანი საქართველოს ბაზარზე კონკურენტად არავის მიიჩნევს და აცხადებს, რომ მობილური აპლიკაციის მეშვეობით ტაქსების გამოძახების სერვისი ძალიან ცოტა კომპანიას აქვს, შესაბამისად, ბაზარზე მაღალი კონკურენცია არ არის.
მისივე განცხადებით, ბაზარზე მათი გამოჩენის შემდეგ ტაქსის კომპანიებმა ტარიფები კიდევ უფრო გაზარდეს.
კითხვაზე, ბაზრის რა პროცენტის დაკავება შეძლო Yandex Taxi-მ საქართველოში 2-თვიანი მუშაობის შემდეგ, კომპანიის ხელმძღვანელი არ პასუხობს. მისი მტკიცებით, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ აქვთ.

























