Yandex-მა თათრეთის რესპუბლიკაში უპილოტო ტაქსი გაუშვა. კომპანიამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას თათრეთის ხელისუფლებასთან, რომლის მიხედვითაც ადგილზე უპილოტო ტრანსპორტი უნდა განვითარდეს.
შედეგად, ქალაქ ინოპოლისში სპეციალურ სატესტო ზონაში ყოველდღიურად 2 უპილოტო ავტომობილი იმოძრავებს. მგზავრების მომსახურებისთვის სპეციალურად 5 ადგილია გამოყოფილი, რომლებიც ქალაქის საკვანძო ადგილებშია განლაგებული: უნივერსიტეტი, სტადიონი, სამედიცინო ცენტრი და ა.შ. კომპანია აცხადებს, რომ სამომავლოდ ტაქსების გაჩერების ადგილები კიდევ უფრო გაფართოვდება.
„ჩვენ თათრეთთან პარტნიორობის ბევრი სხვადასხვა ფორმა გვაქვს, მაგრამ ის, რასაც ახლა ხელს ვაწერთ, სრული ტექნოლოგიური გარღვევაა რადგან პირველად ევროპაში ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება უპილოტო ტაქსი“, - აცხადებს რუსული ტაქსების კომპანიის გენერალური დირექტორი ელენა ბუნინა.
მისივე თქმით, ტაქსით გადაყვანა უფასო იქნება. კომპანიაში აცხადებენ, რომ ტაქსით მგზავრობა ყველას შეეძლება, ვინც მზადაა ის გატესტოს. გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ტესტში მონაწილეობის სურვილი 100-მა ადამიანმა უკვე გამოთქვა და მსურველების რიცხვი კიდევ უფრო იზრდება.

























