Yandex-ის აპლიკაციით დასაქმებულმა ტაქსის მძღოლებმა, პროფკავშირების გაერთიანებასთან ერთად, საქართველოს კონკურენციის სააგენტოში საჩივარი შეიტანეს, რომელიც საქართველოში მოქმედი ტაქსის კომპანიების ტარიფების მოკვლევას ითვალისწინებს.
პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენელი, გიორგი ტყემალაძე BM.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ “იანდექსის” ტარიფები, სხვა აპლიკაციებთან შედარებით, დაბალია, რის გამოც ჩნდება შთაბეჭდილება, რომ კომპანია კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ ნორმებს არღვევს.
“იანდექსის” აპლიკაცია და ბრაუზერი ყველაზე მასშტაბური კომპანიაა ბაზარზე. აქედან გამომდინარე, მათი ტარიფები შედარებით დაბალია, ვიდრე სხვა აპლიკაციების. ეს ქმნის იმის შთაბეჭდილებას, რომ “იანდექსი” არღვევს კონკურენციის შესახებ კანონით დადგენილ ნორმებს. ზუსტად ამ კუთხით მივმართეთ პროფკავშირებმა, "იანდექსის" მძღოლებთან ერთად, კონკურენციის სააგენტოს, რომ გადაიხედოს და დადოს დასკვნა, თუ რამდენად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას მათი მოღვაწეობა.
საუბარია იმაზე, რომ თუ ტაქსის გამოძახების სხვა კომპანიის მძღოლი მისამართამდე მისვლას 4 წუთს ანდომებს, მისი ტარიფი 10 ლარია, როცა იმავე მისამართზე მისვლას თუ “იანდექსის” მძღოლი, პირობითად, 14 წუთს ანდომებს, ტარიფი - 7 ლარია. არის შანსი, რომ “იანდექსი” ბოროტად, არაკეთილსინდისიერად იყენებს ამას, რათა ჩაძიროს საქართველოში მოქმედი სხვა კომპანიები”, - ამბობს გიორგი ტყემალაძე.
Yandex-ის, Bolt-ისა და სხვა კომპანიების აპლიკაციით დასაქმებული მძღოლები, პროფკავშირებთან ერთად, საპროტესტო მსვლელობებსა და აქციებს, უკვე რამდენიმე კვირაა, მართავენ. მძღოლები არასათანადო ტარიფებთან ერთად, მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დაცვის პრობლემებსა და შრომითი ხელშეკრულებების არარსებობას აპროტესტებენ და ამ მოთხოვნით საქალაქო სასამართლოსაც მიმართეს.
“საჩივარი გვაქვს შეტანილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტოშიც, რადგან ვფიქრობთ, რომ როგორც მგზავრის, ისე მძღოლების უფლებები ირღვევა ამ კუთხით. გარდა ამისა, საჩივარი საქალაქო სასამართლოშიც შევიტანეთ, შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით. ჯერჯერობით ამ ყველაფრიდან შედეგებს ველოდებით, არ გვინდა, რომ ერთდღიანი პროტესტით შემოვიფარგლოთ და მივმართავთ ყველა უწყებას, ვისაც ეს სფერო იქნება”, - ამბობს გიორგი ტყემალაძე.
აპლიკაციით დასაქმებული მძღოლების პროტესტი დედაქალაქის საზღვრებს გაცდა და ქუთაისსა და ბათუმშიც გავრცელდა. ტყემალაძე აღნიშნავს, რომ პროფკავშირები კავშირს ინარჩუნებენ სხვა ქალაქებში დასაქმებულ მძღოლებთანაც, თუმცა დამატებითი დეტალების გაჟღერებისგან თავს იკავებს.