მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყავის კაფსულების საწარმო ახალი წლიდან ამოქმედდება

5bffbc06896cd
მაია ბიწაძე
29.11.18 14:31
5672
შპს ,,კაფსულოს“ საწარმო, რომელიც ყავის კაფსულებს და სხვადასხვა სახის ყავის პროდუქტებს დაამზადებს, თბილისში ახალი წლიდან ამოქმედდება, ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის დირექტორმა თორნიკე ჭელიძემ განუცხადა. მისი განმარტებით, სამშენებლო სამუშაოები თითქმის დასრულებულია.


"დასრულებულია გარე ფასადი, ასევე საწარმოს შიდა ტერიტორიის მოწყობა და დანადგარებით აღჭურვა, საჭიროა გარკვეული კოსმეტიკური სამუშაოები, რაც ერთ თვეში დამთავრდება. საწარმოო ხაზები გამართულია, იქ ხუთი ტიპის პროდუქტის წარმოება უკვე შესაძლებელი" - აცხადებს თორნიკე ჭელიძე.


შპს კაფსულო წარმოებას მალე დაიწყებს და თავდაპირველად სამი სახის პროდუქტს შესთავაზებს ბაზარს. ეს იქნება ყავის კაფსულები, რომელიც ყავის აპარატებისთვის იქნება განკუთვნილი, ე.წ თურქული ყავა, რომელიც ერთჯერად პაკეტებით გამოვა და ყავის მარცვლები, რომელიც 250 გრამიანი და 1 კილოგრამიანი შეფუთვით დამზადდება. ეს უკანასკნელი ძირითადად ჰორეკას ქსელისთვის იქნება განკუთვნილი. სამომავლოდ ასორტიმენტს კიდევ ორი სახეობის პროდუქტი დაემატება, რაზეც კომპანიაში მუშაობა უკვე დაწყებულია.


"ყავის მარცვლებს მსოფლიოს წამყვანი მომწოდებლებისგან შევიძენთ, ასეთი 5-6 კომპანიაა, რომელთანაც ურთიერთობა გვაქვს, მათ ყავის მარცვალი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოქვთ და სამ ევროპულ ქალაქში ასაწყობებენ: ტრიესტაში (იტალიაში), ჰამბურგში (გერმანიაში) და ანტვერპენში (ბელგიაში), საქართველოში ყავის იმპორტი სწორედ აქედან მოხდება.

რაც შეეხება ფასებს, ამჟამად მიმდინარეობს ბაზრის შესწავლა, გვინდა რომ კაფსულები მომხმარებლისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს. თავდაპირველად მის გაყიდვას თბილსში ვგეგმავთ, რამდენიმე თვეში პროდუქციას რეგიონებშიც შევიტანთ, დაახლოებით წელიწადნახევარში კი ექსპორტსაც განვახორციელებთ. თავდაპირველად მეზობელ ქვეყნებზე ვაკეთებთ გათვლას, ესაა - უკრაინა,რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, შემდეგ კი ევროპულ ბაზარსაც ავითვისებთ. ამისთვის საწარმოო სიმძლავრეები თავისუფლად გვეყოფა“ - განაცხადა თორნიკე ჭელიძემ.

მისი განმარტებით, კომპანიას დღეში 192 ათასი ყავის კაფსულის წარმოება შეუძლია, თუმცა, თავდაპირველად სიმძლავრის მხოლოდ 20%-ს აითვისებენ, რითაც თბილისის ბაზარს დააკმაყოფილებენ, შემდეგ კი სხვა ბაზრების მოძიების პარალელურად, წარმოების მოცულობებიც გაიზრდება.


"საცალო მიმართულებით ჩვენი პროდუქციის რეალიზაცია თავდაპირველად ონლაინ პლატფორმით მოხდება, რადგან კაფსულები არ იქნება განთავსებული ყველა სუპერმარკეტში, ძირითადად ისეთ მსხვილ ობიექტებთან ვითანამშრომლებთ, როგორიც "გუდვილი“ და "კარფურია“. კომპანია ასევე გეგმავს კაფეების ქსელისა და საფირმო მაღაზიების გახსნას, რაც ეტაპობრივად განხორციელდება" - განაცხადა თორნიკე ჭელიძემ.

შპს "კაფსულო" კახეთის გზატკეცილზე მდებარეობს, საწარმოში დღემდე 30 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციაა ჩადებული, კომპანია პროექტის "აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია. თავდაპირველად საწარმოში 40 ადამიანი დასაქმდება, მომავალი წლის ბოლომდე კი მათი რიცხვი ორჯერ გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები