„ყავის ლაბორატორია“ ფართოვდება და წლის ბოლომდე ორი ახალი ფილიალის დამატებას გეგმავს. როგორც კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა თათია ზარქუამ bm.ge-ს უთხრა, „ყავის ლაბორატორია“ 2022 წელს კიდევ ერთ ფილიალს დაამატებს. ჯამში, როგორც ზარქუა ამბობს, სამივე ფილიალისთვის დაახლოებით 2 მლნ ლარის ინვესტიციაა გათვალისწინებული.
რაც შეეხება დასაქმებულების რაოდენობას, ყავის ლაბორატორიის თანამშრომლების რიცხვი 3 ფილიალის გახსნის შემდეგ 80-90 ადამიანით გაიზრდება.
„ერთი ფილიალი ფალიაშვილის ქუჩაზე გაიხსნება, მეორე საბურთალოს „სითი მოლში“ Coffee Lab Pop Up, შედარებით უფრო პატარა მენიუთი და უფრო მეტად Take away - სტილის კერძებზე ორიენტირებული. 2022 წლისთვის იგეგმება მესამე ფილიალის გახსნაც, ჭავჭავაძის გამზირზე, უფრო მეტად კომპლექსური მენიუთი, პროექტის ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 2 მლნ ლარია“, - განმარტავს კომპანიის გენერალური მენეჯერი.
ინფორმაციისთვის, „ყავის ლაბორატორია“ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ფილიალით, ყაზბეგის გამზირზეა წარმოდგენილი.