ოკუპირებული აფხაზეთი რუსი ტურისტებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2022 წლიდან, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებს კონკრეტულ ქვეყნებში ჩასვლა გაურთულდათ ან აეკრძალათ.
რუსი ბლოგერი მარინა ნეფედოვა რუსულ გამოცემასთან საუბრობს, რა არ მოსწონთ რუს ტურისტებს აფხაზეთში. მისი განცხადებით, აფხაზეთში ისინი ავტომობილით ჩავიდნენ. ბლოგერის თქმით, ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის წესებს არავინ იცავს.
ბლოგერი ამბობს, რომ შოკირებულია იმით, რომ ყველგან ნაგავი ყრია. როგორც ის ამბობს, გემრიელი ყავის ნაკლებობა მოგზაურებისთვის სერიოზულ ტანჯვად იქცა. მარინა ნეფედოვას თქმით, აფხაზეთში ყავის მომზადება არ იციან.
ამასთან, როგორც ბლოგერმა აღნიშნა, აფხაზეთში მარტივად არის შესაძლებელი, წყლისა და ტუალეტის გარეშე დარჩე თუ მცირე ფული არ გაქვს, ტელეფონით ფულის გადარიცხვა კი შეუძლებელია. მისი თქმით, ტერმინალები მხოლოდ დიდ სუპერმარკეტებსა და ძვირად ღირებულ რესტორნებში აქვთ.
კიდევ ერთ პრობლემად ბლოგერი აფხაზების მხრიდან დამოკიდებულებას ასახელებს. კერძოდ, როგორც ის ამბობს, იყო შემთხვევები, როდესაც უპატივცემულოდ ექცეოდნენ. როგორც ის ამბობს, ზოგიერთ ობიექტზე მომსახურებაზე უარს ეუბნებოდნენ, მიზეზს კი არ უხსნიდნენ.