მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყავის სახლი „ერთი ყავა“ გაიყიდა - ბრენდის თანადამფუძნებელი მიზეზებზე

ყავის სახლი

ყავის სახლის ქართული ბრენდი „ერთი ყავა“ გაიყიდა. აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-ის ბრენდის თანადამფუძნებელმა დაუდასტურა.

საქართველოში „ერთი ყავა“-ს ოპერირების ისტორია მაღალმთიანი სვანეთიდან 7 წლის წინ ერთი მცირე ზომის ყავის სახლის გახსნით დაიწყო. ქსელის გაფართოება თბილისსა და ბათუმში გაგრძელდა. დღეს კი ბრენდი 4 ფილიალს მართავს და მომხმარებელს მაღალი ხარისხის Specialty ყავასთან ერთად საკონდიტრო ნაწარმსაც სთავაზობს.

„ერთი ყავა“-ს თანადამფუძნებელი ქსენია მარკოვსკაია BM.GE-სთან კომპანიის გაყიდვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისთვის, როგორც ერთ-ერთი დამფუძნებლისთვის, მნიშვნელოვანია კომპანიის მუდმივი განვითარება.

„მიმდინარე წლის აპრილში ბრენდს 7 წელი უსრულდება. ეს ჩვენთვის სასიხარულო თარიღია. ამ დროის განმავლობაში, ბევრი რთული პერიოდი გამოვიარეთ. ამასთან გვესმის, რომ კომპანიას ახალი იდეები და ძალები სჭირდება. Erti Kava საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ ერთ-ერთი ცნობადი ბრენდია, ამიტომ ჩვენ პასუხისმგებლობა მხოლოდ გუნდსა და ბრენდზე არ გვეკისრება - ამან ძლიერი პარტნიორების მოძებნისკენ გვიბიძგა. მოლაპარაკებების შედეგად კომპანიის გაყიდვის გადაწყვეტილება მივიღეთ. კომპანიის ახალი მფლობელები ქართველი ბიზნესმენები არიან, რომლებსაც HORECA სექტორში ოპერირების დიდი გამოცდილება აქვს.

ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ახალ მფლობელებს ბრენდის განვითარებისთვის დაეჭირათ მხარი.

საბოლოო ჯამში კი ეს არის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანი მაგალითებიდან, როდესაც ქალების მიერ სვანეთის რეგიონში შექმნილი კომპანია ეროვნულ ქსელად იქცა, შემდეგ კი წარმატებით გაიყიდა“, - განმარტავს კომპანიის თანადამფუძნებელი.

ქსენია მარკოვსკაია ახალ მფლობელთან დადებული მხარეთა გაუთქმელობის შეთანხმების გამო გარიგების დეტალებზე, მათ შორის პარტნიორების ვინაობასა და გარიგების ღირებულებაზე ვერ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ახალი პარტნიორები დამფუძნებლების მიერ დასახული განვითარების გეგმის მხარდამჭერები არიან.

„ჩვენ განვითარების პროექტებზე უარს არ ვამბობთ. ERTI KAVA-ს ახალი ჯგუფი ბრენდისა და ქსელი განვითარებას განაგრძობს. წლის ბოლოსთვის ყველა არსებული ფილიალების ინტერიერი განახლდება და თბილისში კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნება. ამასთან, ახალ მფლობელები ბრენდის ქოლგის ქვეშ საკუთარი მოსახალი და საკონდიტრო წარმოების გახსნას და ტრენინგცენტრის ამოქმედებას გეგმავენ. მომავალში ეს, ბრენდის სწრაფ მასშტაბირებას შეუწყობს ხელს.

რაც შეეხება გარიგების დეტალებს, პარტნიორებთან ერთად ჩვენ გაუთქმელობის შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, შესაბამისად შეთანხმების დეტალებზე საუბარი არ შემიძლია. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ „ერთი ყავა“ - ეს პირველ რიგში ლოიალური მომხმარებლის ბაზა და ძლიერი ბრენდია, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე ადგილობრივები და ტურისტები იცნობენ. ეს არის 4 მოქმედი ფილიალი და შეკრული გუნდი, რაც პოტენციური მყიდველების დაინტერესებისთვის საკმარისი აღმოჩნდა“, - ამბობს ქსენია მარკოვსკაია.

მისივე თქმით, 2023 წელი კომპანიისთვის რთული აღმოჩნდა, რადგან Specialty ყავის ბაზარი ქვეყანაში გაჯერებულია და ყავა სხვადასხვა კომპანიის მომსახურების ნაწილად იქცა. „ერთი ყავის“ თანადამფუძნებელი იმასაც ამბობს, რომ გასულ წელს მომხმარებელთა გადინებისა და მსყიდველუნარიანობის პირობებში კომპანიის შემოსავლები - არა, თუმცა მოგება 5-7%-ით შემცირდა. ამ დროისთვის „ერთი ყავა“ დღიურად ქსელში, ანუ 4 ფილიალში 300 სტუმარს მასპინძლობს, მაშინ როდესაც გასული წლის ამავე პერიოდში მომხმარებელთა რიცხვი დღეში 800-ს აღწევდა.

ქსენია მარკოვსკაია აღნიშნავს, რომ ის კომპანიის თანადამფუძნებლად რჩება და ბრენდის განვითარებაში თავის წვლილს შეიტანს: „ჯერ კიდევ ვრჩები კომპანიაში და ახალ მფლობელებთან ერთად სიახლეების დანერგვას გავაგრძელებთ. ეს ეხება რემონტს, გარკვეული ავეჯისა და დანადგარების ცვლილებას, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ზრდას, ახალ მარკეტინგულ სტრატეგიას - ყველაფერი ეს ქვითრის საშუალო ღირებულებას და სტუმართა რაოდენობას გაზრდის“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები