აქთაუში 300 მლნ დოლარის ინვესტირებით ახალი საზღვაო პორტის მშენებლობა იგეგმება. ინფორმაციას ყაზახური მედია მანგისთაუს ოლქის ხელმძღვანელის ნურდაულეტ კილიბეიზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, პროექტს ჩინური კომპანია Zhonguyun International განახორციელებს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს პორტს ფლობს. მან აღნიშნა, რომ პროექტი ჩინეთი - ყაზახეთი - აქთაუ - ბაქო - ფოთი ევროპის ახალი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის ფორმირებას შეუწყობს ხელს.
„პროექტის ღირებულება 300 მლნ დოლარია. ამ დროისთვის ინვესტორმა თავისი კომპანია მანგისთაუს ოლქში დაარეგისტრირა და საინვესტიციო შეთანხმების გაფორმებისთვის ემზადება, რომელსაც საინვესტიციო საბჭო განიხილავს.
რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან განსაზღვრულია კონკრეტული მიწის ნაკვეთი. პროექტის განხორციელებისთვის მიწის გადაფორმების შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს“, - განაცხადა რეგიონის ადგილობრივი მმართველი ორგანოს ხელმძღვანელმა.
„პორტის მშენებლობით ტვირთების მიწოდების დროის 7-15 დღით შემცირება გახდება შესაძლებელი, სატრანსპორტო დანახარჯები კი 18-25%-ით შემცირდება. პროექტი ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. საზღვაო პორტის პროექტის განხორციელების ფარგლებში ინვესტორთან მოლაპარაკებები ინვესტიციების გაზრდის საკითხზე გაიმართა იმ კუთხით, რომ აშენდეს ლოგისტიკური ჰაბი“, - განაცხადა ნურდაულეტ კილიბეიმ.
პროექტის განხორციელება 2028 წლამდე იგეგმება. ახალი პორტის მშენებლობის შემდეგ დაახლოებით 2000 სამუშაო ადგილი შეიქმნება. პორტი მანგისთაუს რეგიონის კარაკიანსკის ოლქში განთავსდება.




























