მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყაზახეთში ექსპორტის 86% მანქანების რეექსპორტზე მოდის - როგორია ქვეყნების ეკონომიკური კავშირები?

ვაჭრობა

ყაზახეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარე ერლან კოშანოვი ვიზიტით საქართველოშია. ის უკვე შეხვდა "ოცნების" პრემიერს, ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს და პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს. პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მზარდ დინამიკაზე და სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროში თანამშრომლობაზე, ასევე შუა დერეფნის მნიშვნელობაზე.

BM.GE გთავაზობთ საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური კავშირების ამსახველ მაჩვენებლებს.

ვაჭრობა

ბოლო წლებში საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური ურთიერთობა ვაჭრობის მიმართულებით განვითარება, ძირითადად, ავტომობილების რეექსპორტის ზრდით არის განპირობებული. აღსანიშნავია, რომ საქართველო-ყაზახეთის ვაჭრობა 2021 წლიდან მზარდია და გასულ წელს რეკორდული 922 მლნ დოლარი იყო.

2025 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ჩამონათვალში ყაზახეთი 720 მლნ დოლარის ბრუნვით (წლიური ზრდა 5%) მერვე ადგილზეა. აქედან უდიდესი წილი ექსპორტზე მოდის. იანვარ-სექტემბერში ყაზახეთში ექსპორტმა 658.5 მლნ დოლარი შეადგინა და ის მეორე უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი იყო, ყირგიზეთის [რომელიც მოწინავე პოზიციას ავტომობილების რეესქსპორტის შედეგად იკავებს] შემდეგ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მთლიან ექსპორტში ავტომობილების რეექსპორტს 86.1%-იანი წილი უკავია.

9 თვეში კი ყაზახეთში ექსპორტი ჯამურად 3.7%-ით გაიზარდა.

TOP-5 საექსპორტო საქონელი შემდეგია:

  1. მსუბუქი ავტომობილები - $567.5 მლნ;
  2. მინერალური და მტკნარი წყლები - $25 მლნ;
  3. მინერალურისა და დაგაზიანებული წყლები შაქრის დანამატებით - $20 მლნ;
  4. ყურძნის ნატურალური ღვინოები - $6.7 მლნ;
  5. ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - $4.6 მლნ.

რაც შეეხება იმპორტს, 9 თვეში ის 61.6 მლნ დოლარია (წლიური ზრდა 24%). იმპორტირებულ საქონელში პირველ ადგილს ხორბალი და მესლინი იკავებს, რომლის იმპორტიც საქართველოში წელს ყაზახეთის მთავრობის მიერ ამ პროდუქტის ტრანსპორტირების სუბსიდირების გადაწყვეტილების შედეგად გააქტიურდა.

TOP-5 საიმპორტო საქონელი შემდეგია:

  1. ხორბალი და მესლინი - $18.3 მლნ;
  2. საშუალებები თმებისათვის - $3.9 მლნ;
  3. ფეროშენადნობები - $3.5 მლნ;
  4. ბამბა საფეიქრო მასალებისაგან, საფეიქრო ბოჭკოები სიგრძით არა უმეტეს 5 მმ-ისა - $2.4 მლნ;
  5. ფეხსაცმელი რეზინის, პოლიმერული მასალის, ტყავის ძირითა და ტყავის ზედაპირით - $1.9 მლნ.

ტურიზმი

ბოლო წლებში საქართველოში ყაზახი ტურისტების ნაკადები გაზრდილია, რაც თავის მხრივ ყაზახური ავიაკომპანიების მიერ საქართველოს მიმართულებით გაზრდილმა სიხშირემ განაპირობა. 2025 წლის სამი კვარტალის მონაცემებით, ყაზახეთი მეექვსეა Top-15 ქვეყანაში 139 246 ვიზიტით, რაც 5%-იანი წლიური კლებაა. მაჩვენებელი გასულ წელს რეკორდული 178 930 იყო.

ყაზახეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები

ფულადი გზავნილები

2024 წელს ფულადი გზავნილების მიხედვით ქვეყნების რეიტინგში ყაზახეთი მეშვიდე ადგილს იკავებდა. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს ყაზახეთიდან ფულადი გზავნილების სახით 116.6 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც 41%-იანი კლება იყო. სებ-ის სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ყაზახეთიდან ფულადი გზავნილების ნაკადები განსაკუთრებით 2022 წლიდან გაიზარდა, რაც ავტომობილების რეექსპორტის გააქტიურებას ემთხვევა.

რაც შეეხება 2025 წლის სტატისტიკას, სექტემბერში ყაზახეთიდან 7.6 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც წლის ჭრილში 6%-იანი კლებაა. 9 თვეში კი ჯამურად 63.3 მლნ დოლარია გადმორიცხული.

FDI

ყაზახეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყველაზე მეტი 162 მლნ დოლარამდე, 2006 წელს იყო. 2022-2024 წლებში მაჩვენებელი 32-36 მლნ დოლარის ფარგლებში მერყეობდა. 2025 წლის ორი კვარტალის ჯამური მონაცემებით, ყაზახეთიდან 7.8 მლნ დოლარის FDI შემოვიდა, რაც 2024 წლის პირველი ნახევრის 9.8 მლნ დოლარზე ნაკლებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები