ყაზახეთის ხელისუფლებამ უვიზო რეჟიმით მოსარგებლე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ფასიანი ელექტრონული ნებართვის ეტაპობრივი ამოქმედება დაიწყო.
ახალი პირობებით, უცხოელ მოგზაურებს მოუწევთ, შესაბამისი განაცხადი გამგზავრებამდე სულ მცირე 72 საათით ადრე გაიარონ ელექტრონული ავტორიზაცია ციფრულ პლატფორმა QazETA-ზე. ეს დოკუმენტი 180 კალენდარული დღის განმავლობაში იმოქმედებს და ყაზახეთში მრავალჯერადი შესვლის უფლებას ითვალისწინებს. QazETA-ს სისტემით ნებართვის მიღების საფასური დაახლოებით $8-ს შეადგენს. უშუალოდ საზღვარზე დოკუმენტის გაფორმების შემთხვევაში კი, გადასახადი გაორმაგდება და დაახლოებით $16 მიაღწევს.
ამასთან, ახალი სასაზღვრო სისტემის სრულფასოვნად დანერგვა რამდენიმე ეტაპად დაიგეგმა. 25 აგვისტოდან 1 ნოემბრამდე პლატფორმა სატესტო რეჟიმში იმუშავებს და მესაზღვრეები უცხოელებს წესების მოსალოდნელი გამკაცრების შესახებ გააფრთხილებენ. 1 ნოემბრიდან კი ელექტრონული ნებართვა საჰაერო ტრანსპორტით მოსარგებლე მგზავრებისთვის სავალდებულო გახდება. 15 ნოემბრიდან ეს მოთხოვნა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის გარე სახმელეთო საზღვრებზე გავრცელდება. 30 ნოემბრიდან კი შეზღუდვები ორგანიზაციის შიდა საზღვრებზე, მათ შორის რუსეთთან და ყირგიზეთთან არსებულ გამშვებ პუნქტებზეც ამოქმედდება. საბოლოოდ, 15 დეკემბრიდან ელექტრონული დოკუმენტის წარდგენა სარკინიგზო და საზღვაო მარშრუტებით მოსარგებლე მოგზაურებსაც დაევალებათ.
შეგახსენებთ, ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უვიზო ქვეყნების მოქალაქეებისთვის ფასიანი ელექტრონული ნებართვების შემოღების გეგმა აგვისტოს დასაწყისში წარადგინა. რუსეთ-უკრაინის ომისა და სამხედრო მობილიზაციის დაწყების შემდეგ ყაზახეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ერთ-ერთ მთავარ თავშესაფრად იქცა.




























