ყახაზეთის რიგით მეორე უმდიდრესი ბიზნესმენი ტიმურ ტურლოვი საქართველოს საფინანსო ბაზრით დაინტერესდა. მას ქვეყანაში Freedom Bank Kazakhstan-ის შვილობილი საფინანსო ინსტიტუტის შექმნა სურს. ამის შესახებ Forbes-ის ყაზახეთის რედაქცია წერს.
მათი ინფორმაციით, დასაწყისისთვის საქართველოს დედაქალაქში დაფუძნდება სააქციო საზოგადოება FBG Company, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკისგან საბანკო ლიცენზიის მიღებაზე იმუშავებს. ლიცენზიის მიღების შემდეგ კი კომპანია კომერციულ ბანკად ფორმირდება. Freedom Bank Georgia - ასეთი იქნება ახალი ბანკის დასახელება.
Forbes ყაზახეთის ინფორმაციით, სს FBG Company-ს და შემდეგ Freedom Bank Georgia-ს საწესდებო კაპიტალის ზომა 5 მილიონი ლარი ოდენობით (დაახლოებით $1,8 მილიონი მიმდინარე კურსით) უკვე დამტკიცებულია. იგი ჩამოყალიბდება 5 მილიონი ჩვეულებრივი რეგისტრირებული აქციისგან და თითოეულის ნომინალური ღირებულება 1 ლარი იქნება.
„სააქციო საზოგადოების წესდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმის საფუძველზე შედგება. გამოცემის ცნობით, Freedom Bank Georgia-სთვის წესდების პროექტი და ბიზნეს გეგმა უკვე დამტკიცებულია, რომელიც მომავალი ბანკის ორგანიზაციული სტრუქტურას მოიცავს. ასევე, Freedom Bank Kazakhstan-მა კენჭისყრაზე (დანიშვნაზე) სს FBG Company-ს მენეჯმენტის თანამშრომლებისა და მმართველი ორგანოს წევრობის კანდიდატები დაამტკიცა
მომავალი ქართული ბანკის“ მშობელ კომპანიას საქართველოს ეროვნული ბანკისგან ლიცენზიის მიღებაზე თანხმობის და სხვა დოკუმენტების მიღება დასჭირდება“, - წერია Forbes-ის სტატიაში.
მათივე ინფორმაციით, Freedom Bank Kazakhstan-ის ერთადერთმა აქციონერმა „ფრიდომ ფინანსმა“, რომელიც Freedom Holding Corp.-ის სტრუქტურაში შედის, შვილობილის დაფუძნების გადაწყვეტილება 2025 წლის სექტემბერში მიიღო. Freedom-ს ყაზახეთის საზღვრებს მიღმა ბანკი ტაჯიკეთში აქვს გახსნილი, რომელიც ასევე ყაზახური ბანკის შვილობილია. საბანკო ლიცენზია მათ 2024 წლის ოქტომბერში მიიღო და ამ დროისთვის საფინანსო ინსტიტუტი ტექნიკურ რეჟიმში მუშაობს.
ყაზახეთის მოქმედ ბანკებს შორის აქტივების მიხედვით Freedom Bank Kazakhstan მეათე ადგილასაა. 2025 წლის პირველი აგვისტოს მონაცემებით, მისი აქტივების ზომა 2.2 ტრლნ ტენგეა [ $4 მლრდ-ზე მეტი].
ტიმურ ტურლოვი Freedom Holding Corp-ის დამფუძნებელი და 70%-იანი წილის მფლობელია. მეწარმე Forbes Kazakhstan-ის რეიტინგის მონაწილეა და ის ყაზახეთში ბიზნესმენებს შორის მე-2 უმდიდრესი (2025) და მე-4 ყველაზე გავლენიანი ადამიანია (2024). 2025 წლის მაისის მონაცემებით, მისი ქონება 5,8 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. Forbes-ის მიმდინარე შეფასებით კი, მისი ქონება 7.2 მლრდ აშშ დოლარია.




























