ყაზახეთის ოფიციალურმა პირებმა ბოლო დროს განაახლეს მოლაპარაკებები ყაზახეთის კასპიური სატრანზიტო სისტემის (KCTS) შესახებ. 7 ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის ნავთობის ტრანსპორტირების სქემაზე საუბრები აქტიურად მიმდინარეობდა 2007-2008 წლებში. მოიაზრებოდა, რომ KCTS-ს შემადგენლობაში იქნებოდა ყაზახეთში არსებული „ესკენე-კურუკის” ნავთობსადენი და ნავთობის ტრანს-კასპიური სატრანსპორტო სისტემა: ყაზახეთში კასპიის ზღვაზე „კურიკის“ პორტში ნავთობის ტერმინალის, ტანკერებისა და სხვა გემების, ასევე, კასპიის ზღვის აზერბაიჯანული სანაპიროს ნავთობის ტერმინალისა და მისი „ბაქო-თბილისი- ჯეიჰანის“ ნავთობსადენთან დამაკავშირებელი ობიექტების ჩათვლით.
ამის შემდეგ ნავთობი „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენის და/ან აზერბაიჯანისა და სხვა სატრანზიტო ქვეყნების ტერიტორიაზე განთავსებული ნავთობის ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი სხვა სისტემების საშუალებით საერთაშორისო ბაზარზე უნდა გასულიყო. თუმცა, პროექტის განხორციელება გაურკვეველი ვადით გადაიდო „ქაშაგანის“ საბადოსთან დაკავშირებული გაურკვევლობების და „თენგიზის“ საბადოს გაფართოების გამო. როგორც დარგის მოთამაშეები აღნიშნავენ, ყაზახეთში ამჟამად არსებული საექსპორტო სიმძლავრეები საკმარისია ქვეყნიდან გამავალი ნაკადების უზრუნველსაყოფად. „თუმცა, ნათელია, რომ ნავთობის სამომავლო ექსპორტთან დაკავშირებულ მზარდ ოპტიმიზმთან ერთად, რაც უკავშირდებოდა გასული წლის ორ ძირითად მოვლენას: „ქაშაგანის“ საბადოს ათვისების დაწყებასა და „თენგიზის“ საბადოს გაფართოებისათვის საჭირო 37 მლრდ აშშ დოლარის საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებას, ქვეყანას დასჭირდება დამატებითი სიმძლავრეები და KCTS დღის წესრიგში დაბრუნდება“, - აცხადებს ჟურნალი „ნეფთე კომპასი“.
„ქაშაგანი“ განთავსებულია კასპიის ზღვის ჩრდილოეთით და წარმოადგენს ბოლო 40 წლის განმავლობაში აღმოჩენილ უდიდეს საბადოს. მასში მოპოვებადი ნავთობის მარაგი 19 მლრდ ბარელითაა შეფასებული. საბადოდან ნავთობის წარმოება ყაზახეთმა 2016 წლის შემოდგომაზე დაიწყო და 2017 წელს ამ საბადოდან 8.9 მლნ ტონა ნავთობი და 5.6 მლნ ტონა გაზის მიღება იგეგმება, მომავალ წლებში მოპოვების ეტაპობრივი ზრდით. „თენგიზის“ საბადოდან ყაზახეთის ნავთობის წარმოების, დაახლოებით, 30% მოიპოვება. 2016 წლის ივნისში პროექტის პარტნიორებმა დაამტკიცეს საბადოს „სამომავლო გაფართოების პროექტის“ საბოლოო საინვესტიციო გადაწყვეტილება. მოსალოდნელია, რომ პროექტი „თენგიზის“ ნედლი ნავთობის წარმოებას წელიწადში 12 მლნ ტონიდან 39 მლნ ტონამდე გაზრდის. BP-ის „მსოფლიო ენერგეტიკის სტატისტიკური მიმოხილვის“ თანახმად, ყაზახეთის დადასტურებული ნავთობის რეზერვები 2016 წლის დასაწყისისათვის 30 მლრდ ბარელს შეადგენდა. ყაზახეთის სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, ნავთობისა და გაზის კონდენსატის წარმოებამ 2016 წელს ყაზახეთში 78.04 მლნ ტონას მიაღწია, რაც 2015 წლის მონაცემებს 1.8%-ით ჩამორჩება.
ენერგოდაიჯესტი

























