მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ყაზახეთიდან რკინიგზით ხორბლის შემოტანა 50 გადამზიდი კომპანიის გაჩერებას გამოიწვევს"

5cc0786795311
ლიკა გურაბანიძე
24.04.19 18:40
2010
გადამზიდი კომპანია „სერვის აგროს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ბესო ჯიქიას განცხადებით, ქვეყანაში ყაზახეთიდან სარკინიგზო საშუალებით ხორბლის იმპორტი ლობირებულია და კონკრეტული პირების ინტერესის სფეროს წარმოადგენს.

ამის შესახებ ჯიქიამ bm.ge-ის ეკონომიკის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული იმ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, ყაზახეთში ვიზიტით მყოფი ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას თქმით, „ყაზახეთში შემდგარი მოლაპარაკების თანახმად, ყაზახეთის მთავრობა ქვეყნის ბიუჯეტიდან საქართველოს ბაზარზე ხორბლის ტრანსპორტირების სუბსიდირებას მოახდენს და 50%-მდე დაწევს ტარიფებს, რაც მოგვცემს საშუალებას, ყაზახური ხორბალი შედარებით ხელმისაწვდომ ფასებად მივიღოთ“.

დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა ხორბლის გადამზიდი კომპანია „სერვის აგროს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ყაზახეთიდან სარკინიგზო გზით ხორბლის შემოტანა მარტივი, მაგრამ არაკონკურენტუნარიანია.

მისივე თქმით, სარკინიგზოს გარდა, სხვა სატრანსპორტო გზის ხელოვნურად აკრძალვის შემთხვევაში ბიზნესისთვის არასახარბიელო სიტუაცია შეიქმნება.

„სარკინიგზო გადაზიდვებსა და ტერმინალებზე არსებობენ დაინტერესებული პირები, ვინც ყაზახეთიდან ხორბლის გადაზიდვის მიმართულებით ოპერირებას მოახდენენ. სარკინიგზო ბაზარი მონოპოლისტურია, სადაც ხორბლის შემოტანა ერთი-ორი კომპანიის ხელში აღმოჩნდება. ყაზახეთიდან ხორბლის მხოლოდ სარკინიგზო გზით შემოტანა ტექნიკური თვალსაზრისით პრობლემა არ იქნება, მაგრამ სხვა ალტერნატივის ხელოვნურად აკრძალვის შემთხვევაში ბიზნესისთვის ეს არასახარბიელოა“, - განაცხადა ბესო ჯიქიამ.

ყაზახეთიდან ხორბლის სუბსიდირებული ტარიფით იმპორტის თემა საინტერესოა იმ კუთხითაც, რომ ფინანსთა მინისტრის მიერ 2018 წლის 22 აგვისტოს გამოცემული ბრძანებით, საქართველოში ხორბლის იმპორტ-ექსპორტის ექსპორტის ექსკლუზიური უფლება მხოლოდ რკინიგზას და პორტებს მიენიჭათ. თუმცა ტრაილერების მძღოლების პროტესტის გამო, აღნიშნული ბრძანების ამოქმედება მიმდინარე წლის სექტემბრამდე გადავადდა.

„სერვის აგროს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის თქმით, ყაზახეთიდან სარკინიგზო გზით ხორბლის შემოტანა 50 საავტომობილო კომპანიის გაჩერებას გამოიწვევს და შესაძლოა ამან მძღოლების პროტესტი კიდევ ერთხელ განაახლოს.

„ეს მძღოლები არ გაჩერდებიან; ბევრი ოჯახი დარჩება უმუშევარი. ყაზახეთიდან რკინიგზით ხორბლის სუბსიდირება ხორბალს გააიაფებს და საავტომობილო გზას ავტომატურად შეზღუდავს. მარტივად წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მოხდეს თუ საავტომობილო გზა დაიკეტება. იმუშავებს ერთი ადამიანის ტერმინალი და რკინიგზა“, - აღნიშნა ჯიქიამ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის განმავლობაში საქართველომ $114 მილიონის ღირებულების 507,000 ტონა ხორბალი შეიძინა. ხორბლის მოცულობის 83% ქვეყანაში რუსეთიდან შემოვიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები