„[ყაზბეგში] წყალი მე-6 დღეა ფაქტობრივად არ მოგვეწოდება“, - ამის შესახებ BM.GE-სთან ყაზბეგში მდებარე სასტუმრო Step Inn Kazbegi-ის დამფუძნებელმა, ანი ალიბეგაშვილმა სეზონის შეფასებისას აღნიშნა.
მისი შეფასებით, ზამთრის სეზონზე რეგიონში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, გასული წლის მსგავსად ცუდი მოლოდინებით ხვდებიან.
„ზამთრის სეზონი გასული წლის მსგავსად მოლოდინია, რომ იქნება რთული, იმიტომ რომ დიდი გამოწვევების წინაშე დგას კურორტი. უწყლობა არის კვლავ აქტუალური პრობლემა. მე-6 დღეა წყალი ფაქტობრივად არ მოგვეწოდება და ამის გამო, რთული სამუშაოების გაწევა გვიწევს. ზოგადად ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, ბევრად უფრო პრობლემური ხდება რეგიონისთვის წყლის მიწოდება, როდესაც ცენტრალური რეზერვუარი იცლება და რეგიონში გაზრდილ მოთხოვნას რესურსი აღარ გვყოფნის,.
უწყლობას თან ერთვის რთული კლიმატური პრობლემები. დიდთოვლობასთან ერთად, რთული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე იკეტება გზაც. მიმდინარე სეზონზეც არ არის გვირაბი გახსნილი, რომ შევძლოთ მეტი ვიზიტორის მოზიდვა. ხშირად, ვიზიტორები ყაზბეგში რჩებიან და მათი ფრენებიც და გეგმებიც სრულიად ირევა. შესაბამისად, სულ უფრო და უფრო აქრობს სტიმულს, რომ ყაზბეგი იყოს აუცილებლად სანახავი ლოკაცია“, - აცხადებს სასტუმროს დამფუძნებელი.
რაც შეეხება ჯავშნებს, ალიბეგაშვილის ინფორმაციით, მათ სასტუმროში მომდევნო სამთვიან პერიოდში ძალიან დაბალი დატვირთვითაა. შესაბამისად, ობიექტს ფასების დაწევა უწევს იქამდე, რომ მინიმუმ თანამშრომლების შენარჩუნება შეძლოს. სასტუმროში ჭარბობენ ადგილობრივი ვიზიტორები, ამასთან, რუსი და აღმოსავლური ქვეყნების წარმომადგენლები. მისივე თქმით, სულ უფრო და უფრო მცირდება ევროპული ქვეყნებიდან ჯავშნები.
„არასტაბილურ ქვეყანაში მოგზაურობაზე, ევროპელ დამსვენებლებს უფრო ნაკლები სტიმული აქვთ. როდესაც საინფორმაციო ველიდან არასტაბილური ინფორმაცია გადის, ასევე თუ მათი ქვეყნებიდან ხდება არასტაბილური ინფორმაციის მიწოდება და ამავდროულად, როდესაც არჩევანი მსოფლიოს მასშტაბით არის უზარმაზარი, სადაც ადამიანს შეუძლია თავისი შვებულება გამოიყენოს, არასდროს ექნება იმის სტიმული, რომ წავიდეს და დაათვალიეროს ქვეყანა, სადაც არასტაბილური გარემოა“,- ამბობს ალიბეგაშვილი.
Booking.com-ზე დაყრდნობით, ამჟამად სასტუმროში ერთი ღამით განთავსების ღირებულება 73$-ს შეადგენს.