მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ყაზტრანსგაზ-თბილისის" დროებითი მმართველი: "აღნიშნულ ბინაში კონკრეტული დანადგარი 2-ჯერ ჩაიჭრა"

5c52eb13dfbee
ლევან თაღიაშვილი
31.01.19 16:47
2494
კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისის" დროებითმა მმართველმა გიგლა თამაზაშვილმა CO-ს გაჟონვის შედეგად 7 ადამიანის დაღუპვასთან დაკაშირებით, მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"შეგვიძლია, დადასტურებულად ვთქვათ, რომ აღნიშნული ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი გახლდათ CO ანუ მხუთავი გაზი, რომლის წარმოშობის წყაროც გახლავთ არასწორად და კუსტარულად დამონტაჟებული წყალგამაცხელებელი დანადგარი.  "ყაზტრანსგაზ-თბილისს", როგორც გამანაწილებელ კომპანიას აქვს ვალდებულება, რომ წელიწადში ერთხელ გეგმიური შემოწმება ჩაატაროს და თუ აღმოაჩენს ხარვეზს, რომელიც არ შეესაბამება ტექნიკურ რეგლამენტს, ვალდებულია, ჩახსნას დანადგარი, დალუქოს და მიუთითოს მოქალაქეს, რომ გამოასწოროს აღნიშნული შემთხვევა ანუ მოვიდეს ოფისში, გააკეთოს ტექნიკური პროექტი და შესაბამისობაში მოიყვანოს დანადგარი", - განაცხადა თამაზაშვილმა და დასძინა, რომ  ამ შემთხვევაში მოქალაქეს, ვისაც კომპანიის თანამშრომლები ჩაუჭრიან შესაბამის დანადგარს, ვალდებულია, "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ოფისში თავად მივიდეს, შედგეს ტექნიკური პროექტი და შემდეგ მოხდეს ახალი წყალგამაცხელებელი სისტემის დაყენება.

"უნდა გითხრათ, რომ აღნიშნულ ბინაში ბუნებრივ გაზზე მომუშავე 3 დანადგარი იყო. ეს გახლავთ გაზქურა, გამათბობელი და წყალგამაცხელებელი. მოქმედი რეგლამენტის მიხედვით, "ყაზტრანსგაზ თბილისი" ჭრის მხოლოდ იმ დანადგარს, რომელიც ტექნიკურ რეგლამენტებთან არის შეუსაბამო. ამ შემთხვევაში, 2017 და 2018 წელს ჩაიჭრა კონკრეტული დანადგარი, დაილუქა და შეუწყდა გაზმომარაგება. არის შემთხვევები , როდესაც ადამიანები ჩვენი ბინიდან გამოსვლისთანავე თვითნებურად აერთებენ გაზს. ვთანხმდებით, რომ საკანონმდებლო ბაზა არის გამოსასწორებელი", - განაცხადა მან.

ამასთან, "ყაზტრანსგაზ თბილისის" დროებითი მმართველის თქმით, საკანონმდებლო ბაზის გამოსწორებასთან დაკავშირებით, მერიაში,  ეკონომიკის სამინისტროში და ასევე, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში უკვე გაიმართა შეხვედრები და  აღნიშნული პროცედურა დაწყებულია.

"შესაბამისად, გარკვეული ხარვეზები, რაც სივრცეში ჩნდება, უახლოეს მომავალში უნდა გამოსწორდეს.  რაც შეეხება იმას, ვისი ბრალია კონკრეტული შემთხვევა, გამოძიება დაადგენს. შიდა გაზგაყვანილობაზე, სისტემის მომსახურებასა და დანადგარებზე პასუხისმგებლობა ჩვენს მოქალაქეებს ეკისრება",  - განაცხადა თამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ კორპუში, CO-ს გაჟონვის შედეგად, 7 ადამიანი გარდაიცვალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები