თბილისის მოსახლეობას ბუნებრივი აირით შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ამარაგებს. 2019 წლიდან დედაქალაქში ერთი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი 2018 წელთან შედარებით 0.014 თეთრით უფრო იაფი - 46.139 თეთრი ეღირება.
იმის მიუხედავად, რომ კომპანია თბილისში გაზის მიწოდების “ბუნებრივი მონოპოლისტია” და მას კონკურენტები არ ჰყავს, “ყაზტრანსგაზი” მაინც ზარალიანი კომპანიაა.
2017 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, “ყაზტრანსგაზმა” წელი 11.8 მილიონიანი ზარალით დაასრულა. ბევრად დიდი იყო ზარალი 2016 წელს და ის 45 მილიონ ლარს აჭარბებდა.
კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები ასეთია:
შემოსავალი - 285,930,339 ლარი, ზრდა 3%;
კომპანიის მთლიანი ხარჯები ასეთია:
გაყიდული საქონლის თვითღირებულება - 271,518,768 ლარი, ზრდა 5%;
ზოგადი ადმინისტრაციული დანახარჯი - 12,825,595 ლარი, ზრდა 13%
რეალიზაციისა და სადისტრიბუციო დანახარჯები - 5,868,781 ლარი, ვარდნა 57%;
ფინანსურ საქმიანობაზე გაწეული დანახარჯი - 4,680,289 ლარი, ზრდა 20%;
მთლიანი ზარალი - 11,808,424 ლარი.
2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, “ყაზრტრანსგაზის” აქტივები - 129 მილიონ ლარს, ვალდებულებები კი, 504 მილიონ ლარს შეადგენს.
ყაზახეთის სახელმწიფო კომპანია “ყაზმუნაი გაზმა” თბილისის ბუნებრივი აირის განაწილების ქსელი - “თბილგაზი” 2006 წელს შეიძინა. 2009 წლის 16 მარტს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანიაში სპეციალური მმართველი დაინიშნა. როგორც სემეკი ამტკიცებდა სასამართლოში შეტანილ სარჩელში, აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფა ვერ მოხერხდა საქართველოს სახელმწიფო ნავთობკომპანიის - საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიმართ შესყიდულ ბუნებრივ აირზე დიდძალი ვადაგადაცილებული დავალიანების დაგროვების გამო. იმ დროისთვის საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიმართ არსებული დავალიანება 68,777,519 ლარს შეადგენდა. არსებობდა რისკიც, რომ კომპანია ვერ შეძლებდა განაწილების ლიცენზიის პირობების შესრულებას. სემეკმა სასამართლოს მიმართა შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისისთვის” სპეციალური მმართველის დანიშვნის მოთხოვნით, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო ლიცენზიის პირობების უწყვეტად დაკმაყოფილება. სპეციალური მმართველის უმთავრესი ამოცანა იყო შესყიდული ბუნებრივი აირისთვის დარიცხული დავალიანების დაფარვა და კომპანიის აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის უწყვეტი მიწოდება. მმართველი ერთი წლის ვადით დაინიშნა, რაც შემდეგში არაერთხელ გახანგრძლივდა.
2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიას ჰქონდა: 90,104,000 ლარის ვადაგადაცილებული სავაჭრო კრედიტორული დავალიანება ფინანსთა სამინისტროს მიმართ; მშობელი კომპანიისთვის გადასახდელი ვადაგადაცილებული ფინანსური დახმარება 178,654,424 ლარის ოდენობით; 164,772,182 ლარის სასესხო დავალიანება მშობელი კომპანიის მიერ კონტროლირებული საწარმოს - Intergas Finance BV-ის მიმართ, რომელიც ასევე ვადაგადაცილებულია.
“ყაზტრანსგაზის” ფინანსებზე ლარის გაუფასურებამ დიდი გავლენა იქონია. 2015 და 2016 წლებში მოთხოვნის მიუხედავად, სემეკმა ტარიფი არ გაზარდა, 2017 წელს კი მხოლოდ 1.1%-ით გაიზარდა.
2018 წლის ოქტომბერში “ყაზტრანს-გაზი” გაიყიდა. კომპანია ქართულმა ბიზნესჯგუფმა “სი ბი ესმა” ოფშორული კომპანია WALTBAY LTD-ის მეშვეობით
შეიძინა. შეთანხმების პირობების მიხედვით, კომპანიას სახელმწიფომ ვალი ჩამოაწერა.
2017 წლიდან, საქართველოს მთავრობასა და ყაზახურ კომპანიას შორის საერთაშორისო არბიტრაჟში დავა მიმდინარეობდა. დავის საგანი, ყაზახური მხარის მოთხოვნის მიხედვით, ზიანის ანაზღაურება იყო, რაც 486 მილიონ ლარს აჭარბებდა.
კომპანია WALTBAY LTD-ს მიერ ყაზახი ბიზნესმენებისთვის, შპს ყაზტრანსგაზ-თბილისის ნასყიდობათვის, წაყენებული წინაპირობა შპს ყაზტრანსგაზ-თბილისის სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებებისგან გათავისუფლება და ყაზახი კრედიტორების მხრიდან ყაზტრანსგაზ-თბილისისთვის ნასესხები 347 მილიონ ლარზე მეტი დავალიანების მოთხოვნის უფლების WALTBAY LTD -სათვის დათმობა, რაზეც ყაზახურმა მხარემ თანხმობა განაცხადა.
თავის მხრივ, საქართველოს მთავრობამ, ყაზტრანსგაზ-თბილისის სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანების პატიების სანაცვლოდ, ყაზახური მხარისგან საერთაშორისო არბიტრაჟში არსებული საქმე მორიგებით დასრულება, ხოლო კომპანია WALTBAY LTD-ს დათმობილ 347 მილიონ ლარზე მეტ მოთხოვნაზე უარის თქმა მოითხოვა, რაც საქართველოს მთავრობის განმარტებითვე, მომხმარებელთა დაცვას ემსახურებოდა.
კომპანია WALTBAY LTD-იმ და ყაზახმა კრედიტორებმა საქართველოს მთავრობის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე თანხმობა განაცხადეს, რის სანაცვლოდაც შპს ყაზტრანსგაზ-თბილისი გათავისუფლდა სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებისგან.

























