პურის მწარმოებელი კომპანია „ყიფიანის პური“ 2026 წელს საქმიანობის გაფართოებას გეგმავს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ალექსანდრე ყიფიანმა BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა, მომავალი წლიდან ახალი ფილიალი, სავარაუდოდ, საბურთალოზე, მიცკევიჩის ქუჩაზე გაიხსნება.
“მომავალი წლიდან ვაპირებ ახალი ფილიალის გახსნას საბურთალოს ტერიტორიაზე, მიცკევიჩის ქუჩაზე, რომლისთვისაც დაახლოებით 30 000 დოლარის ინვესტირებას ვგეგმავთ. ახალი ფილიალი სავარაუდოდ 4 ადამიანს დაასაქმებს“, - თქვა მან.
აღსანიშნავია, რომ ორი თვის წინ „ყიფიანის პურის“ პირველი მაღაზია მრგვალ ბაღთან გაიხსნა. ობიექტში დასაქმებულია ორი ადამიანი, ხოლო ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, მომხმარებელთა ძირითადი ნაწილი ახლოს მცხოვრები ადამიანები არიან.
“ობიექტში, რომელშიც 2 ადამიანს ვასაქმებთ, მხოლოდ ჩვენს პროდუქციას ვყიდით. პარკირების პრობლემა აქვს ფილიალს, რამაც გამოიწვია ის, რომ მხოლოდ ადგილობრივად მცხოვრები გვსტუმრობენ“,- აცხადებს ალექსანდრე ყიფიანი.
რაც შეეხება პროდუქციის ღირებულებას, კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში პურზე ფასები არ დაუკორექტირებია და აღნიშნული, ნედლეულისა თუ სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, ხარჯების ზრდის შემთხვევაში მოხდება:
„ჩვენ ობიექტში შავი პური 4 ლარი ღირს, ხოლო ნახევარკილოგრამიან რუხ და თეთრ პურს 3-3 ლარად ვყიდით“, - აღნიშნავს ის.




























