საქართველოსთვის ხორბლის ძირითადი მომწოდებელი კვლავ რუსეთია. 2023 წელს ქვეყანაში ხორბლის იმპორტის მოცულობა გაიზარდა, ფქვილის კი შემცირდა. კერძოდ, გასულ წელს ქვეყანაში 57 მილიონ 673 ათასი დოლარის ღირებულების 222 061 ტონა ხორბალი შემოვიდა.
როგორც პურის მწარმოებელი კომპანია „ყიფიანის პურის“ დამფუძნებელი, ალექსანდრე ყიფიანი BM.GE-სთან აცხადებს, პურის ფასი წლიდან წლამდე იზრდება, რისი კონტროლიც ქვეყანას არ შეუძლია. ამის მიზეზი კი ისაა, რომ საქართველო პურის ხორბალს არ აწარმოებს იმ რაოდენობით, რა რაოდენობაც ქვეყანას თვითკმარს გახდის.
მისივე ცნობით, საქართველოში წარმოებული ხორბლის რესურსი მხოლოდ თვე-ნახევრის სამყოფია, დანარჩენი მარაგების შევსება კი იმპორტის საშუალებით ხდება.
„ვინც ქართული პურის ფასი იცის, მისთვის საქართველოში ქართულად წარმოებული პურის მოძიება მუდმივი პრობლემაა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ქართული პური ქვეყანაში მცირე რაოდენობით იწარმოება და ბაზრის გაჯერება არ ხდება. თუმცა, თუ ჩვენ ხორბლის მწარმოებლები გავხდებით, არც ეს იქნება იმის გარანტია, რომ თვითკმარები ვიქნებით, რადგან ეს დამოკიდებულია გარემო ფაქტორებზე, კლიმატურ პირობებსა და ა.შ. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს იქნება ქვეყნისთვის საშველი.
ხორბლის შენახვა და დაბინავება სხვა ხარჯებთანაა დაკავშირებული. საქართველო რომც იყოს პურის ხორბლის მწარმოებელი ქვეყანაა, ჩვენ იმ რაოდენობის ხორბლის გადამუშავების და შენახვის არანაირი საშუალება არ გვაქვს, რასაც საქართველო საჭიროებს“,-აცხადებს ყიფიანი.
მისი განმარტებით, ქვეყანა ძირითადად დამოკიდებულია რუსეთზე, ისინი არეგულირებენ, გარკვეულ პერიოდში კი ფასსაც აკორექტირებენ ხოლმე.