სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში (No Country Left Behind - NCLB), სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ და "საქაერონავიგაციამ" ყირგიზ კოლეგებს უმასპინძლეს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანს ფრენის პროცედურების დიზაინის და კარტოგრაფიის (PANS-OPS) კუთხით საქართველოს გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში გამართული სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, ყირგიზეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა (CAA KR) და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს ("Kyrgyzaeronavigatsia") წარმომადგენლები ფრენის პროცედურების დიზაინის და კარტოგრაფიის ზედამხედველობის კუთხით საქართველოში დანერგილ სტანდარტებს, სამართლებრივ ჩარჩოს და პროცედურებს გაეცნენ.
გარდა ამისა, სტუმრებმა ინფორმაცია მიიღეს საერთაშორისო ვალდებულებების დანერგვის თვალსაზრისით სააგენტოს მიერ გაწეულ საქმიანობაზე, შესაბამისი მიმართულების ინსპექტორის სასწავლო პროგრამის შემუშავების პროცესზე, ICAO-ს აუდიტის გავლის და საინსპექციო შემოწმების ჩატარების პრაქტიკულ ასპექტებზე.
ამასთან, "საქაერონავიგაციაში" ვიზიტისას, ყირგიზეთის დელეგაცია ადგილზე გაეცნო ფრენის პროცედურების დიზაინის და საავიაციო რუკების შემუშავების პროცესს, ასევე, აღნიშნულთან დაკავშირებულ პროცედურებს და პროგრამულ უზრუნველყოფას. სამ–დღიანი ვიზიტის ფარგლებში, ყირგიზეთის დელეგაციამ, როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ისე „საქაერონავიგაციის" მხრიდან მიიღო რეკომენდაციები ეროვნულ დონეზე ფრენის პროცედურების დიზაინის და კარტოგრაფიის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ ICAO-ს "NCLB" ინიციატივისა და ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აღნიშნული მიმართულებით კონსულტაციები აზერბაიჯანის საავიაციო ხელისუფლებასაც გაუწია.

























