მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსი მოეწყობა

5be3fcbf22e30
BM.GE
08.11.18 13:06
1134
ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი, სადაც წლების წინ ჩოგბურთის კორტები არსებობდა, დედაქალაქს დაუბრუნდება. ტერიტორიაზე თბილისის მერია ახალ სპორტულ კომპლექსს მოაწყობს.

აღნიშნული გადაწყვეტილება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საბურთალოსა და ბახტრიონის ქუჩებს შორის, ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მოსახლეობას პირადად გააცნო და ამ მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.

ე.წ. კორტების ყოფილი ტერიტორია 2009 წელს ინვესტორს გადაეცა. ადგილზე მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა იგეგმებოდა - მიწისქვეშა ავტოპარკინგით, დახურული სპორტული დარბაზითა და გამწვანებით. მიწის მფლობელი კერძო პირი ვენერა ალიშევაა ყაზახეთიდან. ჯერჯერობით ის მედიასთან კომენტარს არ აკეთებს

„უცხოელ მესაკუთრესთან მოლაპარაკებები, დაახლოებით, ათი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტერიტორია, სადაც ადრე კორტები არსებობდა, 2009 წელს გასხვისდა. უცხოელ ინვესტორს აღნიშნული ნაკვეთის გარდა, ზემოთ ასევე, ჰქონდა მიწის ნაკვეთი, სადაც დღეს საავტომობილო გზა გადის, თუმცა მას საკუთრებაში არსებული ტერიტორია, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე წაართვეს. ქალაქის განვითარების ინტერესები პრიორიტეტულია, მაგრამ როდესაც საქმე კერძო საკუთრებას ეხება, პირადად ჩემთვის და ჩვენი თანაგუნდელებისთვის, მისი ჩამორთმევა კატეგორიულად მიუღებელია. კომპანიასთან ადგილმონაცვლეობაზე მრავალთვიანი მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდა და ადგილი, სადაც ადრე სპორტული ინფრასტრუქტურა იყო განთავსებული, ქალაქს უბრუნდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა პროექტის დეტალებზეც ისაუბრა, რომლის განხორციელებაც, მისი თქმით, 2019 წლიდან დაიწყება. ამ ეტაპზე, საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე სპორტული ინფრასტრუქტურა - ჩოგბურთის კორტები, მინი საფეხბურთო მოედნები და თუ შესაძლებელი იქნება, საცურაო აუზიც მოეწყობა, რომლითაც, არა მხოლოდ ადგილობრივები, არამედ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონის მცხოვრებლები ისარგებლებენ. დღეს, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება ქალაქში, მწვანე სივრცეები, სკვერები, პარკები და სპორტული ინფრასტრუქტურაა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები