მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს არ წარმოადგენს - კახა კალაძე

კავშგაბმულობის სამინისტრო

რუსთაველის გამზირზე არსებული ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობა რეკონსტრუქციის შედეგად, მაქსიმალურად შეინარჩუნებს მის პირვანდელ იერსახეს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პროექტს ტერიტორიის მესაკუთრე, ბიზნესმენ თამაზ გაიაშვილის კომპანია "მარილი 2020" ახორციელებს.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ უარყო საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აღნიშნული შენობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რის გამოც მისი რეკონსტრუქცია დაუშვებელია.

„სოციალურ ქსელებში ალბათ შეგხვდათ ვიდეობი, სადაც ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს და შესაბამისად, მისი რეკონსტრუქცია დაუშვებელია. სრული პასუსუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნული შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს არ წარმოადგენს. ეს არ იქნება მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, არამედ აქ განთავსდება სასტუმრო, სადაც პროექტის თანახმად, შენარჩუნდება არსებული პორტალი - რუსთაველის გამზირის მხრიდან შესასვლელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ შენობას მესამე-მეოთხე ხარისხის ავარიულობის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული.

„ვფიქრობ, რეკონსტრუქციის შემდეგ, აღნიშნული შენობა ნამდვილად დაამშვენებს რუსთაველის გამზირს. შენობის პირვანდელი სახის შესაბამისად განხორციელდება მიშენებაც, ლესია უკრაინკას ქუჩის მხრიდან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისში, რუსთაველის გამზირის 12 ნომერში, ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობის ადგილზე ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო უნდა აშენდეს, რომლის ფასადიც ისტორიული შენობის იდენტური იქნება. თბილისის არქიტექტურის სამსახურმა პროექტთან დაკავშირებით სამშენებლო ნებართვა 2024 წელს გასცა. ახალი სასტუმროს საინვესტიციო ღირებულება 80 მილიონ დოლარს აღემატება.

შენობა რუსთაველის გამზირის მხრიდან ისტორიულ იერსახეს შეინარჩუნებს, ხოლო ლესია უკრაინკას ქუჩაზე გაფართოვდება იმავე სტილის ნაგებობით, რათა ახალი ნაგებობა მის ისტორიულ იერსახესთან იყოს შესაბამისობაში. მთლიანობაში შენობას 11 სართული ექნება, მათ შორის 3 მიწისქვეშ განთავსდება და 23,323 კვადრატულ მეტრს დაიკავებს. ახალ სასტუმროს 201 ნომერი ექნება.

ახალ ნაგებობის შუაში წრიული ფორმის შიდა ეზო განთავსდება. ახალ კომპლექსში კაზინოს გარდა კომერციული ფართებიც მოეწყობა, ასევე შენობის სახურავზე მოეწყობა 118 კვადრატული მეტრის ფართობის აუზიც.

ბიზნესმენ თამაზ გაიაშვილის კომპანიის მიერ დაგეგმილი ახალი სასტუმროს რენდერები:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები