YouTube-მა ხელოვნური ინტელექტის ახალი ხელსაწყო - Dream Track - წარადგინა, რომელიც მომხმარებელს პოპვარსკვლავების ხმის იმიტირების საშუალებას აძლევს - წერს BBC.
ცნობილია, რომ ამ დროისთვის თავიანთი ხმების გამოყენებაზე ნებართვა ცხრა არტისტმა, მათ შორის დემი ლოვატომ, ჯონ ლეჯენდმა, სიამ და სხვებმა გასცეს. საცდელ პერიოდში ხელსაწყო სწორედ მათ ხმებს გამოიყენებს, რათა ახალი, მოკლე სიმღერები მომხმარებლების მიერ აღწერილი ლირიკული კონტენტისა და ხასიათის მიხედვით შექმნას.
AI ხელსაწყოზე წვდომა ჯერჯერობით მხოლოდ 100 მომხმარებელს აქვს, რომლებსაც მისი გამოყენება მოკლემეტრაჟიანი ვიდეოებისთვის საუნდტრეკების შექმნისთვის შეუძლიათ, რომლებიც აუცილებლად YouTube Shorts-ზე უნდა განთავსდეს - პლატფორმაზე, რომელიც კომპანიამ TikTok-ის კონკურენტად შექმნა.
ვიდეოებში, რომლებიც YouTube-მა გამოაქვეყნა, Dream Track-ის გამოყენებით მოკლე სიმღერას ვისმენთ, რომელიც ცალსახა იმიტაციაა ჩარლი პუთსის შემოქმედების. BBC-ის შეფასებით, ჩანაწერი დაბალხარისხიან MP3 აუდიოს გავს, რომელიც ციფრული არტიფაქტებითაა სავსე. თუმცა ხელოვნური ინტელექტით შექმნილი სიმღერა მაინც მომღერლისთვის დამახასიათებელ სტილშია შესრულებული.
აღსანიშნავია, რომ ახალი ხელსაწყოს წარდგენამდე ერთი დღით ადრე, YouTube-მა განაცხადა, რომ მაყურებლებისთვის ხელოვნური ინტელექტით შექმნილ კონტენტზე სპეციალურ აღნიშვნას გააკეთებდა.