მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Youtube მოზარდებს ფიტნეს ვიდეოებზე წვდომას შეუზღუდავს

fitness

ვიდეოპლატფორმა Youtube თინეიჯერებს ფიტნესის თემატიკის ზოგიერთ ვიდეოზე წვდომას შეუზღუდავს. კომპანიის ინფორმაციით, შეზღუდვა გავრცელდება ვიდეოებზე, რომლებიც სხეულის რომელიმე ტიპის იდეალიზებას უწყობს ხელს.

Youtube-ის 13-დან 17 წლამდე მომხმარებელი ფიტნეს ვიდეოების ყურებას კვლავ შეძლებს, თუმცა პლატფორმა მსგავსი შინაარსის კონტენტის განმეორებით ყურებას მათ აღარ შესთავაზებს.

კომპანიის განმარტებით, მსგავსი შინაარსის ვიდეოების ხშირი და განმეორებითი ყურება, შესაძლოა, მოზარდებისთვის საზიანო აღმოჩნდეს და მათ თვითშეფასებაზე ნეგატიურად იმოქმედოს, რასაც ექსპერტებიც ადასტურებენ.

საქმე ისაა, რომ Youtube-ის ალგორითმი, როგორც წესი, იმ ტიპის კონტენტს გვთავაზობს, რასაც ხშირად ვუყურებთ - იგივე შინაარსის ვიდეოები ეკრანზე ვიდეოს დასრულებამდეც ჩნდება. თუმცა კომპანიის გადაწყვეტილებით, მოზარდები აღარ მიიღებენ კონტენტ-შეთავაზებებს ისეთი ვიდეოებისთვის რომლებიც:

  • ერთმანეთს ადარებს სხეულის სხვადასხვა ტიპს და რომელიმეს უპირატესობას ანიჭებს;
  • უპირატესად წარმოაჩენს სხეულის წონის რომელიმე მაჩვენებელს ან ფიტნესის დონეს;
  • აჩვენებს სოციალურ აგრესიას, ძალადობას, ჩხუბს.

Youtube-ის განმარტებით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აღმოაჩინეს, რომ ტინეიჯერები უფრო მოწყვლადი არიან განმეორებითი ნეგატიური მესიჯების მიმართ, ვიდრე - ზრდასრულები.

პრობლემა ისაა, რომ შეზღუდვა მხოლოდ იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ ვიდეოს მაყურებელი საკუთარ ანგარიშს იყენებს, რომელზეც მისი დაბადების თარიღია მითითებული, Youtube-ს კი ამ მონაცემების ავტომატური ვერიფიკაციის ბერკეტი არ გააჩნია. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ალგორითმი იეჭვებს, რომ მომხმარებელი მინიმუმ 13 წლის არ არის (ასაკი, რომლიდანაც Youtube-ის მოხმარებაა დაშვებული) პლატფორმა იდენტობის ვერიფიკაციას ითხოვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები