ეკომეგობრული მოგზაურობის პლატფორმა Biliki.AI ბრიტანულ კომპანია Just One Tree-სთან თანამშრომლობით ახალ პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც, ხელოვნური ინტელექტის ამ პლატფორმის გამოყენებით სამოგზაურო ტურის ან სასტუმროს დაჯავშნის შემთხვევაში, ორგანიზაცია ერთ ხეს დარგავს - ამის შესახებ Biliki.AI-ს თანადამფუძნებელმა, თორნიკე ცირამუამ, BM.GE-ს თავად განუცხადა.
"Biliki AI, როგორც სამოგზაურო პლატფორმა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტის დახმარებით მოგზაურებს სთავაზობს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოგზაურობის დაგეგმვას, ასევე ჩართულია ეკომეგობრულ აქტივობებში, რაც კიდევ უფრო მეტად მდგრადი ტურიზმის განვითარებას ხელს უწყობს.
ამის ფარგლებში, დავიწყეთ თანამშრომლობა ბრიტანულ ორგანიზაციასთან - Just One Tree, რომლის ფარგლებშიც ჩვენი მომხმარებლის სახელზე, რომელიც Biliki AI-ზე დაჯავშნის სასტუმროს თუ სამოგზაურო გამოცდილებას, პარტნიორი ორგანიზაცია ყოველ ჯერზე დარგავს ხეს, რითაც ჩვენი მომხმარებელი ერთვება ჩვენი პლანეტის დონაციაში, რომ უფრო მეტად მწვანე და ეკომეგობრულ გარემოში ვიცხოვროთ", - აღნიშნავს ცირამუა.
მისი თქმით, პარტნიორობა სულ რამდენიმე დღეა ამოქმედდა და Biliki AI-ის მომხმარებლების სახელით უკვე დაირგო 50-ზე მეტი ხე.
"სულ რამდენიმე დღეა რაც ჩაეშვა აღნიშნული პარტნიორობა და 50-ზე მეტი ხე დაირგო სწორედ ჩვენი მომხმარებლის სახელით. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ვუპასუხოთ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, რაშიც ჩვენი მომხმარებელი და პარტნიორები გვეხმარებიან", - ამბობს თორნიკე ცირამუა.
Biliki.AI ქართული ტექნოლოგიური სტარტაპია, რომელიც ტურისტული აპლიკაცია Biliki App-ის შემქმნელებმა 2023 წლის ბოლოს აამოქმედეს. Biliki.AI ვებგვერდია, რომელიც მსურველებს, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, სამოგზაურო ტურის დაგეგმვას 5 წამამდე დროში სთავაზობს - პლატფორმა როგორც მოსანახულებელ ადგილებსა და მოგზაურობის მარშრუტს, ასევე თქვენს ინტერესებზე მორგებულ სასტუმროებსა და გადაადგილების საშუალებებს გთავაზობთ.