მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ყოველ მეორე სესხს Maib-ის ციფრული ბანკიდან გავცემთ” - გიორგი შაგიძე

გიორგი შაგიძე

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, იცვლება ტრადიციული ბიზნესმოდელები და ბანკები, რომლებიც, თავის დროზე, სესხების უდიდეს ნაწილს ფილიალებიდან გასცემდნენ, აპლიკაციებზე გადაერთვნენ. განვითარების ეს ვექტორი აირჩია Maib-მაც - მოლდოვის უმსხვილესმა ბანკმა, რომელსაც 2021 წლიდან ქართველი გიორგი შაგიძე ხელმძღვანელობს.

როგორც გიორგი შაგიძემ BMG-სთან განაცხადა, დღეს, Maib-ის ყოველი მეორე სესხი კომპანიის ციფრული ბანკიდან გაიცემა, რაც ონლაინ გაცემული სესხების საკმაოდ დიდი მოცულობაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მოლდოვის უმსხვილეს ბანკზე ქვეყნის სასესხო პორტფელის დაახლოებით 40% მოდის.

“კაპიტალისა და ლიკვიდურობის მაჩვენებლებით, მოლდოვის საბანკო სისტემა არის ძალიან მდგრადი და საუკეთესო, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ასევე აღმოსავლეთ ევროპაში. ამასთან, საბანკო პროდუქტების პენეტრაცია ძალიან დაბალია, რაც ზრდის დიდ საშუალებას აჩენს. შარშანდელ წელს თუ მიმოვიხილავთ, მაღალი ინფლაცია ბანკებისთვის კარგი არასდროს არის, მაგრამ Maib-ის მოგება 13%-ითაა გაზრდილი, მიუხედავად იმისა, რომ საპროცენტო განაკვეთები სწრაფად შემცირდა. საერთო ჯამში, პენეტრაციის დაბალი მაჩვენებელი იმ მხრივ გვეხმარება, რომ რისკების კუთხით, საბანკო-საფინანსო სექტორი ძალიან მდგრადად გამოიყურება.

ციფრულ ტექნოლოგიებს რაც შეეხება, ამ მიმართულებით ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს. ერთი რიცხვი, რომლითაც ძალიან ვამაყობთ ისაა, რომ Maib-ის ციფრული პროდუქტების მოხმარების მაჩვენებელი, კვარტალიდან კვარტალამდე, წლიურად, დაახლოებით 50%-ით იზრდება. ამასთან, ყოველი მეორე სესხი Maib-ის ციფრული ბანკის მეშვეობით გაიცემა.

ამ მიმართულებით ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს და შარშან ბევრი სერვისიც გავუშვით, რადგან სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებაზე ვფოკუსირდებით. გვინდა, ის ძალიან ინტუიციური და მარტივი იყოს, რისთვისაც რეგიონში არსებულ საუკეთესო შესაძლებლობებს ვიყენებთ - უკრაინული Monobank-ისა და Revolut-ისგან ვსწავლობთ. ამრიგად, პროგრესი ყველა მიმართულებით გვაქვს”, - განაცხადა გიორგი შაგიძემ BMG-სთან.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Maib-ი მოლდოვის უდიდესი ბანკია, რომელიც 2023 წლის მე-3 კვარტალის მონაცემებით დეპოზიტების ბაზრის 33.8%-იან და კრედიტების ბაზრის 38.2%-იან წილს ფლობს. ამასთან, Maib-ი მოლდოვის სისტემურ ბანკადაც ითვლება, რადგან ის ქვეყნის მოსახლეობის თითქმის მესამედს ემსახურება და თან, უდიდესი კერძო დამსაქმებელიცაა, რომელსაც 2400-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. 2018 წლიდან, Maib-ის უდიდესი აქციონერი საერთაშორისო კონსორციუმია, რომელიც EBRD-ის, Invalda INVL-ისა და Horizon Capital-ისგან შედგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები