“აგროინვესტ სერვისის“ დირექტორი, ვაჟა მკურნალიძე არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირებისთვის დამატებით გამოყოფილ თანხებს აფასებს და ამბობს, რომ სახელმწიფო პროგრამას არავითარი ეკონომიკური თუ სოციალური ეფექტი არ გააჩნია და ის მხოლოდ დაბალი ხარისხის მოსავლის წარმოებას ახალისებს.
მკურნალიძის თქმით, გურიისა და ქობულეთის სოფლებში მანდარინის მოსავლის 30-50%-მდე მავნებლებისგან არის დაზიანებული. მკურნალიძე BMG-სთან ამბობს, რომ ნაყოფის დიდი ნაწილის რეალიზაცია პრაქტიკულად შეუძლებელია, რაც სავარაუდოდ გახდა მიზეზი იმისა, რომ მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან არასტანდარტული ციტრუსის გადასამუშავებლად დამატებითი თანხები გამოყო. მისი თქმით, ნედლეული იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე სეზონის დასაწყისში ელოდნენ.
ვაჟა მკურნალიძის ინფორმაციით, პრობლემას ამწვავებს ლოგისტიკური გაუმართაობაც - რეგიონში მხოლოდ ერთი საკონსერვო საწარმოა, რის გამოც ფერმერებს კვირაობით რიგში დგომა და ტრანსპორტირებისთვის დამატებითი ხარჯების გაღება უწევთ. მკურნალიძის შეფასებით, ამ პირობებში ფერმერები პროდუქციას მხოლოდ იმიტომ აბარებენ, რომ მოსავლის სრულად დალპობას მცირე თანხის აღება ურჩევნიათ.
“ძალიან ბევრ ფერმერთან და პირადად მაქვს ნანახი გურიის, ქობულეთის სოფლებში, რომ 30-40%, ხშირ შემთხვევაში 50%-იც კი იყო დაზიანებული, რომელიც მარცვალი თვითონ მანდარინის იყო ზომით ძალიან კარგი, მაგრამ იმ დონეზე იყო დაზიანებული მავნებლებისგან, რომ მისი რეალიზაცია პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ვერც ჩვენ ვერ მოვკიდებდით ხელს, ფერმერმაც იცოდა, რომ ამას ვერ გაყიდდა.
ამიტომაც არის, რომ სარეზერვო ფონდიდან გამოჰყვეს დამატებითი თანხები არასტანდარტული ციტრუსის გადამუშავებისთვის. გადამუშავების იმაზე მეტი მოთხოვნაა და ნედლეული იმაზე მეტია, ვიდრე მოლოდინი იყო სეზონის დასაწყისში. სუბსიდირების თემა კიდე ცალკე პრობლემა არის საერთოდ, ამას არავითარი არც სოციალური და არც ეკონომიკური ეფექტი არა აქვს. ვასუბსიდირებთ იმას, რომ ყოველ წელს გავზარდოთ არასტანდარტული მანდარინის წარმოების მოცულობა? ეს ხომ მარაზმია.
ხელვაჩაურში ფერმერმა აწარმოვა მაგალითად 10 ტონა მანდარინი და აქედან 3 ტონა მანდარინი აქვს არასტანდარტული. ქობულეთში არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი საკონსერვო საწარმო, სადაც ხდება არასტანდარტული მანდარინის გადამუშავება. ფერმერმა რომ ჩაიტანოს პროდუქცია, მინიმუმ 300-400 ლარი მხოლოდ გზაში სჭირდება, რომ მანქანა დაიქირაოს. ერთი კვირა რიგში უნდა იდგეს, ეს რიგი ხელოვნურად არ არის შექმნილი, უბრალოდ დიდი მიმართვიანობაა. საწარმოს 50-200 ტონა შეუძლია 24 საათიან ციკლში გადაამუშაოს",- ამბობს “აგროინვესტ სერვისის“ დირექტორი ვაჟა მკურნალიძე.




























