ჯანდაცვა ისეთი სფეროა, რომელიც საჭიროებს რეფორმირების თანმიმდევრულობას, უწყვეტობას. ქვეყანას განსაზღვრული უნდა ჰქონდეს ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების გრძელვადიანი სტრატეგიული მიმართულებები და სამოქმედო გეგმა, ჯანდაცვის თუ როგორი მოდელი გვინდა გვქონდეს, როგორია სისტემის ორიენტირები, თუ საით მივდივართ. საუბარია ჯანდაცვის სისტემის ძირითად მახასიათებლებსა და ამოცანებზე, მიზნებზე. სტრატეგიული ხედვა ხელს შეუწყობდა ჯანდაცვის სისტემის ეფექტურ და თანმიმდევრულ განვითარებას.
პროცესში ჩართული უნდა იყოს დაინტერესებული მხარეების ფართო წრე, რომელიც პარლამენტის წევრებს, არასაპარლამენტო ოპოზიციას, ექსპერტებს, ასოციაციებს, ჯანმრთელობისა დაცვის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს მოიცავს. გრძელვადიანი პოლიტიკის განსაზღვრა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ზეპარტიული კონსესუსის თემა და საგანია. მიუხედავად მთავრობების ცვლისა, გრძელვადიან პერიოდში სტრატეგიული კურსი არ უნდა შეიცვალოს და მიღწეულის უარყოფა პოლიტიკური კონიუნქტურის ცვლილების გამო არ უნდა მოხდეს.
აღნიშნულის საწინააღმდეგოდ საქართველოში ყოველი მთავრობა ცდილობს კარდინალურად შეცვალოს წინა მთავრობების მიერ წამოწყებული რეფორმები, მიდგომები. რეფორმების არათანმიმდევრულობა, ფრაგმენტულობა ნეგატიურად აისახება ჯანდაცვის სისტემის განვითარებაზე.
მკითხველის ყურადღება მინდა შევაჩერო ერთ აქტუალურ საკითხზე, რომელიც ეხება საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის დადგენილება №520 -ის საფუძველზე სამედიცინო სერვისებზე ტარიფების დადგენას, ანუ ნოზოლოგიების განფასებას. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამედიცინო სერვისებზე ტარიფის დადგენისას გამოყენებულ იქნა 150 კლინიკის ფინანსური ინფორმაცია, თუმცა არ იყო განმარტებული თუ რა ინსტრუმენტს მიხედვით მოხდა განფასება.
მსოფლიოში მიღებული პრაქტიკით, სამედიცინო სერვისებზე ტარიფების განსაზღვრა უნდა ეფუძნებოდეს გარკვეულ ტექნოლოგიას. ტარიფების გამოთვლის ერთ-ერთ ასეთ აღიარებულ მექანიზმად გამოიყენება სამედიცინო ეკონომიკური სტანდარტები, იგივე მსგავსი დიაგნოზების ჯგუფებით (Diagnosis-Related Groups – DRG) დაფინანსების მეთოდი, სადაც დიაგნოზით მსგავსი დაავადებები (მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები) გაერთიანებულია ერთ ნოზოლოგიურ ჯგუფში. სახელმწიფო ადგენს თითოეული ჯგუფის აუცილებელი სამკურნალო-დიაგნოსტიკური ღონისძიებების მოცულობას, თანმხლებ დაავადებებს, ჰოსპიტალიზაციის საშუალო ხანგრძლივობას. თითოეული დაავადების (დიაგნოზით მსგავსი) ფაქტიური ხარჯების საფუძველზე დგინდება თითოეული ნოზოლოგიური ჯგუფის საშუალო ხარჯი.
უნდა აღინიშნოს, რომ სამედიცინო ეკონომიკური სტანდარტები საქართველოში ჯერ კიდევ 1996 წელს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების შედეგად დაინერგა. თითოეული სახის სამედიცინო მომსახურება განფასებული იყო წინასწარ განსაზღვრული სტანდარტული სამედიცინო ჩარევის მოცულობის მიხედვით. ამ მომსახურების ფასი დამოკიდებული იყო სამედიცინო პერსონალის მომსახურეობის ობიექტურად საჭირო მოცულობაზე, დიაგნოსტიკურ და ლაბორატორიულ გამოკვლევების რაოდენობაზე, „საჭირო“ მედიკამენტების და სამედიცინო მასალების ღირებულებაზე. ამის გარდა, ამ სტანდარტულ ფასში ასევე შედიოდა გარკვეული არაპირდაპირი ხარჯებიც, რომლებიც დამოკიდებული იყო სტანდარტით განსაზღვრული სრულფასოვანი მკურნალობისათვის საჭირო საწოლდღეების რაოდენობაზე.
აქვე აღსანიშნავია, რომ ნოზოლოგიების განფასებისას გათვალისწინებული იყო ქვეყნის გეოგრაფიული დაყოფა (რეგიონი, ქალაქი, რაიონი), სამედიცინო დაწესებულების დონე (ზოგადი პროფილის საავადმყოფო, სპეციალიზებული კლინიკა, რეგიონული და ქალაქის საავადმყოფოები). სამედიცინო მომსახურების სპეციფიკურობიდან გამომდინარე, დამატებითი დაფინანსება განესაზღვრა იმ კლინიკური საავადმყოფოებს, სადაც ძვირადღირებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური მეთოდები გამოიყენება. დამატებითი დაფინანსება განესაზღვრა ასევე ზოგიერთი რაიონების საავადმყოფოებს, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან გარკვეულ მხარდაჭერას საჭიროებდენ.
სწორედ ასეთი გზით შექმნილი სამედიცინო ეკონომიკური სტანდარტების საფუძველზე უნდა მოხდეს რეალური დანახარჯების დათვლა და ადექვატური ტარიფის დადგენა. სამწუხაროდ, შემდგომ პერიოდში მთავრობების ცვლილებებისას სამედიცინო ეკონომიკური სტანდარტები ამოღებულ იქნა. არც „ქართული ოცნების“ მთავრობამ გაითვალისწინა ნოხოლოგიების განფასების კუთხით არსებული გამოცდილება.
სწორედ ამაზე ვაკეთებდი აქცენტს წერილის დასაწყისში, რომ საქართველოში ყოველი მთავრობა ცდილობს ძირფესვიანად უარყოს წინა მთავრობების მიერ წამოწყებული რეფორმების გამოცდილება.
აქვე მინდა ავღნიშნო, რომ საქართველოში 1996 წელს შემოღებული სამედიცინო ეკონომიკური სტანდარტები ეფუძნებოდა მსოფლიოში არსებულ მოწინავე გამოცდილებას, კერძოდ, იგი აგებული იყო ბევრ ქვეყანაში ფართოდ გავრცელებულ მსგავსი დიაგნოზების ჯგუფებით დაფინანსების მეთოდზე (DRG).
მსგავსი დიაგნოზების ჯგუფებით (Diagnosis-Related Groups – DRG) საავადმყოფოს დაფინანსების მეთოდი აშშ-მა შემოიღო 1983 წელს, მას შემდეგ რაც 1970-იანი წლების ბოლოს აშშ-ის ყველაზე დიდი სახელმწიფო პროგრამა „მედიქეა“ (ასაკოვან ადამიანთა სამედიცინო მომსახურების პროგრამა) ჯანდაცვის სახელმწიფო ხარჯების ზრდის გამო დადგა გარდაუვალი გაკოტრების წინაშე. იგი განპირობებული იყო ჰოსპიტალური ხარჯების კატასტროფული ზრდით, რომელსაც თან ერთვოდა ღრმა ეკონომიკური კრიზისი და ჯანდაცვის სფეროში არსებული მზარდი ინფლაცია. მაშინ იელის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ეკონომისტების მიერ გაანალიზებულ იქნა რამოდენიმე შტატის 170 საავადმყოფოს 700 000 დაავადების ისტორია, რომლის საფუძველზეც შეიქმნა მსგავსი დიაგნოზების ჯგუფები, ანუ სამედიცინო ეკონომიკური სტანდარტები.
საყურადღებოა, რომ საქართველოში 1996 წელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამედიცინო სერვისებზე ტარიფის დადგენას წინ უძღოდა სხვადასხვა დარგობრივი სამედიცინო ასოციაციების, ექსპერტების საკმაოდ ხანგრძლივი ანალიტიკური სამუშაოები.
ამისგან განსხვავებით, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის დადგენილება №520 -ის მოსამზადებლად ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო სერვისებზე ტარიფის დადგენისას მიმართა მხოლოდ 150-მდე საავადმყოფოს ფინანსურ მენეჯერებს.
სამედიცინო ეკონომიკური სტანდარტი არ გულისხმობს მხოლოდ ნოზოლოგიის განფასებას, არამედ თავად დაავადების მკურნალობის პროცედურების სისტემატიზაციას. ამ უკანასკნელის დადგენა კი მხოლოდ ფინანსურ მენეჯერებს არ შეუძლიათ. ამგვარად, ნოზოლოგიათა ტარიფების დადგენა უფრო კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს, სადაც აუცილებლად უნდა იყვნენ ჩართულნი სხვადასხვა დარგობრივი სამედიცინო ასოციაციების წარმომადგენლები, სხვადასხვა სამედიცინო საზოგადოებრივი გაერთიანებები, ექსპერტები.
სასურველი იქნებოდა ჯანდაცვის სამინისტროს შეესწავლა მსგავსი დიაგნოზების ჯგუფების (DRG) მსოფლიო გამოცდილება და გაეთვალისწინებინა ის მცირე პრაქტიკა, რაც თავად საქართველოს დაუგროვდა სამედიცინო ეკონომიკური სტანდარტების სახით, რომლის საფუძველზე უნდა მომხდარიყო რეალური დანახარჯების დათვლა, რაც მოგვცემდა ადეკვატური ტარიფის დადგენის საშუალებას.