მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

მთავარი ეკონომისტი
07.05.24 19:11
886

თიბისი კაპიტალი, მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ ლარის ბოლო დროინდელი სტაბილურობა სებ-ის მიერ რეზერვების გაყიდვის შედეგი არაა. მთავარი ეკონომისტი იმ ფაქტორებს აანალიზებს, რაც ლარის გაცვლით კურსზე ამ პერიოდში მოქმედებდა:

მარტის ეკონომიკის ზრდამ 8.2% შეადგინა, რაც მცირედით, მაგრამ მაინც უფრო მეტია ვიდრე სრული 2024 წლისათვის ჩვენი 6.4%-იანი საბაზო სცენარით გათვალისწინებული ყოველთვიური დინამიკა.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ამავე პერიოდში სავალუტო ბაზარზე კვლავ აშშ დოლარის უფრო მეტი მიწოდება ფიქსირდებოდა, ვიდრე მოთხოვნა, რადგანაც სებ-მა 128 მილიონი დოლარი შეისყიდა.

მართალია, ჯერჯერობით, აპრილის მაჩვენებლები არაა ხელმისაწვდომი, თუმცა ვფიქრობთ, რომ ლარის ბოლოდროინდელი სტაბილურობა სავალუტო რეზერვების გაყიდვის შედეგი არაა. ამ მხრივ არგუმენტია, რომ როგორც წესი, ინტერვენციები გაცვლითი კურსის ზედმეტი მერყეობის შერბილებას ემსახურება და არა მისი მიმართულების განსაზღვრას. უფრო მეტიც, თიბისის მონაცემებზე დაყრდნობით, აპრილში მიგრაციის ეფექტისა და ასევე ტრადიციული ტურიზმის საკმაოდ ძლიერი ზრდა დაფიქსირდა. ასევე, უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით, არ ჩანს დეპოზიტების ლარიდან ვალუტაში გადადინების რამდენადმე მაინც გამოკვეთილი ტენდენცია, რაც ხშირად, ე.წ. სენტიმენტების გაუარესებისას, თვალსაჩინოა ხოლმე. ამავდროულად, აპრილში მცირედით იკლო ლარის ფასიან ქაღალდებში არარეზიდენტების წილმა.

ამ ეტაპზე, სხვა გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ დინამიკა ბოლოდროინდელ მოლოდინებთან შესაბამისობაშია. კერძოდ, მარტის საკრედიტო აქტივობა უფრო მაღალი ბიზნესმიმართულებით იყო. ასევე, გარკვეულწილად გაიზარდა ინფლაციის მაჩვენებლები, თუმცა მთლიანობაში ყოველთვიური დინამიკა 3%-იან სამიზნესთან ახლოსაა, წლიური ინფლაცია კი აპრილის მდგომარეობით 1.5%-ს შეადგენს.