თიბისი კაპიტალი მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ ძლიერი სავალუტო შემოდინებები და საერთაშორისო რეზერვების დაგროვების შესაძლებლობა სენტიმენტებს ლარის გამყარების მიმართულებით ცვლის.
თიბისი კაპიტალის პროგნოზით, წელს ქვეყნის ეკონომიკა 9%-ით გაიზარდა.
"თიბისის არხებით განხორციელებული ტრანსაქციების ანალიტიკა აგვისტოშიც სავალუტო შემოდინებებისა და ზოგადად ეკონომიკური აქტივობის მაღალ დონეზე მიუთითებს. ჩვენი პროგნოზით, 2024 წლის რეალური ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 9%-ით განისაზღვრება. ამასთან, ძლიერი სავალუტო შემოდინებები ასევე იწვევს ე.წ. ბუფერების დაგროვებას. საკუთრივ, წინასწარი მონაცემებით, სახეზეა სებ-ის სავალუტო რეზერვების დამატებით შევსება. ამავდროულად, როგორც ყოველთვის, სენტიმენტების ფაქტორიც მნიშვნელოვანია, რაც, როგორც ჩანს, ბოლო პერიოდის განმავლობაში იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვის მნიშვნელოვან ზრდაში აისახება. ამ კუთხით ორი დასკვნის გაკეთება შეიძლება. პირველი, სავალუტო შემოდინებები იმდენად ძლიერია, რომ ეს გარემოება ლარის კურსზე არ ისახება. უფრო მეტიც, როგორც აღინიშნა, საერთაშორისო რეზერვების დაგროვებაც კი არის შესაძლებელი. და მეორე, ერთგვარად, აღნიშნულიც სწორედ ბუფერია, რაც სენტიმენტების ცვლილებისას უკვე ლარის გამყარების მიმართულებით იმოქმედებს.
ამასთან, ასევე საყურადღებოა, რომ აგვისტოში არარეზიდენტების წილი ლარის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მფლობელებში ოთხთვიანი კლების შემდეგ კვლავ გაიზარდა", - ნათქვამია მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაში.