მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყოველთვის მზად ვარ ღია დიალოგისთვის - ლევან დავითაშვილი "რიონის ხეობის მცველებს პასუხობს"

621353c3e5a89
ინგა მურუსიძე
21.02.22 13:09
486
ყოველთვის მზად ვარ ღია დიალოგისთვის, - ასე პასუხობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი „რიონის ხეობის მცველებს“.

საქმე ის არის, რომ ხეობის მცველებმა დღეს მიმართვა გაავრცელეს. ისინი ეკონომიკის მოქმედ მინისტრს შეხვედრისკენ და ნამახვანჰესთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხების გაცემისკენ მოუწოდეს. კერძოდ, მცველებს აინტერესებთ, გაუქმდა თუ არა ხელშეკრულება ENKA-სთან, რა საფრთხეებს შეიცავს პროექტის განხორციელება და ა.შ.

„მივმართავთ ლევან დავითაშვილს, ნუ გაიმეორებს მისი წინამორბედის შეცდომებს. გახსოვთ ქალბატონი თურნავას გაპარვის საკითხი შეხვედრიდან. გარდა ამისა, მთელი ამ დროის განმავლობაში ვერ მივაღწიეთ საჯაროობას სამინისტროსთან დებატებში. ახალ მინისტრს ვურჩევთ, ნუ გაიმეორებს თურნავას შეცდომებს. მოემზადოს, გამოვიდეს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი, რაც არსებობს პროექტის ირგვლივ, მათ შორის პროექტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მისი განხორციელების აუცილებლობასთან დაკავშირებით და აშ.

თუ გონივრულ ვადაში არ გვიპასუხებს მინისტრი, გადავალთ კომპანიის შესასვლელთან, მოგვიწევს დავბლოკოთ იქ შესასვლელი და სხვა ზომებს მივმართოთ. ფაქტია, რომ ჩვენი დგომა ქუჩაში ხელისუფლებას არ აწუხებს“, - განაცხადა "რიონის ხეობის მცველმა", ვარლამ გოლეთიანმა. 


„ჩვენ ყოველთვის ვიყავით მზად ღია დიალოგისთვის. მათაც შეიძლება დაადასტურონ ეს. დღესაც მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში საუბრისთვის, თუმცა საუბარი საუბრისთვის შედეგის მომტანი ვერასოდეს იქნება და ამა თუ იმ ნაწილში განმსჯელი ვერ იქნება ენთუზიასტი ადამიანი, ჩემი ჩათვლით. საჭიროა ექსპერტების მოსმენა და იმ ცოდნის გათვალისწინება, რომელიც სპეციალისტებს გააჩნიათ. იგივე, საზოგადოების დაინტერესებული ჯგუფებისთვის გავხსენით პლატფორმა, რომ მიეღოთ მონაწილეობა განხილვებში, ექსპერტებთან ერთად.

შეიქმნა ასევე პლატფორმა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციით. ამ პლატფორმაში მონაწილეობს ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, მთავრობის წარმომადგენლები, მაგრამ ჩვენ ვერ დავინახეთ ე.წ. რიონის მცველების ენთუზიაზმი და აქტიურობა. თუმცა პლატფორმა არის და ვთხოვდი, რომ გამოიყენონ ეს პლატფორმა და არა დავსხდეთ და ვისაუბროთ პირისპირ, თუმცა ამისთვისაც მზად ვართ ნებისმიერ დროს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა და დასძინა, რომ თემატურ კითხვებზე პასუხების გასაცემად ჯობია, პროფესიულ წრეებთან ერთად ისაუბრონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები