მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიების წრე გაფართოვდა - შსს

შშმ ავტომობილი
22.10.24 11:46
220

საქართველოს შინაგან საქმეთა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების ერთობლივ ბრძანებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, გაფართოვდა იმ სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიების/ქვეკატეგორიების წრე, რომელთა მართვისათვის ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს აღარ ექნებათ დამაბრკოლებელი გარემოება.

„მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი მოთხოვნებისა და მისი შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში შესული ცვლილების თანახმად, ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს „AM“, „A“, „B“, „BE“ კატეგორიებისა და „A1“, „A2“, „B1“ ქვეკატეგორიების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ.გამოცდაზე გასვლის საფუძველი არ იქნება ოპერაციული ჩარევა, პროთეზირება, კორექცია ან სხვა რაიმე გზით დამატებითი ფუნქციონალური შედეგების მიღწევა. აღნიშნული ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში ექნება უფლება, მართოს დასახელებული კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები.

ბრძანებაში ცვლილების შეტანამდე, ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს „AM“ და „A1“ კატეგორია/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ენიჭებოდათ, ხოლო, „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე გასვლის უფლება მხოლოდ გარკვეული წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში ჰქონდათ.

ერთობლივი ბრძანების პროექტის მომზადებისას გაზიარებულ იქნა ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილება, ასევე, „მართვის მოწმობების შესახებ“ ევროპული პარლამენტისა და საბჭოს 2006 წლის 20 დეკემბრის დირექტივის მიდგომა, რომელიც არ ითვალისწინებს სმენის დაქვეითების შემთხვევაში რაიმე შეზღუდვის ან აკრძალვის დაწესებას „AM“, „A“, „B“, „BE“ კატეგორიებისა და „A1“, „A2“, „B1“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის.

აღსანიშნავია, რომ ერთობლივი ბრძანების პროექტის მომზადებისას, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის - ფაზა II“ ფარგლებში, განხორციელდა კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის აღების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლას.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები