მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყულევის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას ახალი ინვესტორი ჰყავს, რომელმაც კომპანიაში 911 მლნ რუბლი ჩადო

ყულევის ტერმინალი

ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის პროექტს ახალი ინვესტორი ჰყავს - 2025 წლის 20 თებერვალს კომპანია "ბლექ სი პეტროლიუმის" 29.3%-იანი წილის მფლობელი გახდა კომპანია "დუნამისი", რომელმაც კომპანიის კაპიტალი 911.3 მილიონი რუბლით, ანუ 28.4 მილიონი ლარით შეავსო. აღნიშნულის შედეგად, "ბლექ სი პეტროლიუმის" სააქციო კაპიტალი 96.8 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

კომპანია "ბლექ სი პეტროლიუმი" ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის პროექტს ყულევის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ავითარებს. პროექტის თანახმად, ქარხანამ ნავთობპროდუქტების წარმოება მიმდინარე წლის გაზაფხულიდან უკვე უნდა დაიწყოს.

კომპანია "ბლექ სი პეტროლიუმის" დამფუძნებელი და ძირითადი აქციონერი (70.7%-ის წილით) ბიზნესმენ მაკა ასათიანის საკუთრებაში არსებული კომპანია "მკ კაპიტალია". რაც შეეხება "ბლექ სი პეტროლიუმის" 29.3%-იანი წილის მფლობელ კომპანია "დუნამისს", ის 2022 წელს არის დაფუძნებული და 2024 წლის ბოლომდე სხვა სახელით - "მკისა ალმონდის" სახელით ოპერირებდა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ბიზნესმენი დავით ფოცხვერია, რომელიც ამავდროულად სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე "მკისა ჯგუფის" კომპანიების აქციონერია.

ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობის პირველი ეტაპი სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის - საქართველოს განვითარების ფონდის (ყოფილი საპარტნიორო ფონდის) $5 მილიონიანი კრედიტით და სამი კომერციული ბანკის - "ბანკი ქართუს", "ბაზისბანკისა" და "ხალიკბანკის" სინდიცირებული კრედიტით ფინანსდება, რაც ჯამში 45 მილიონ დოლარს შეადგენს. შესაბამისად, პროექტის პირველ ფაზას სახელმწიფო ფონდი და კომერციული ბანკები ჯამში 50 მილიონი დოლარის კრედიტით აფინანსებენ.

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ მშენებლობის პირველი ეტაპის ბიუჯეტი 110 მილიონ დოლარს, მთლიანი პროექტის საინვესტიციო მოცულობა კი 700 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. პირველ ეტაპზე ქარხანას წლიურად 1,2 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავება შეეძლება, მომავალში კი წარმადობა 4 მლნ ტონამდე გაიზრდება. რომელი ქვეყნებიდან მოხდება გადასამუშავებელი ნავთობის ტრანსპორტირება, არ დასახელებულა.

აღსანიშნავია, რომ ყულევის თიზ-ში მსხვილი საწარმოს მშენებლობა ჯერ კიდევ 2012 წლიდან იგეგმება, როდესაც მაშინდელი ხელისუფლების დროს, Socar-სა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა საინვესტიციო შეთანხმება. თუმცა აღნიშნული პროექტი არ განხორციელდა, რის გამოც შეიცვალა თიზ-ის ინვესტორი და პროექტის განხორციელების ვალდებულება კომპანია “ფაზის ოილზე” გადავიდა. მისი განვითარება ვერც “ფაზის ოილმა” ვერ შეძლო, რის გამოც მთავრობამ ინვესტორი ჩაანაცვლა.

ყულევის ნავთოგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობა დაყოფილია 6 ფაზად. პირველი ფაზის ფარგლებში აშენდება ქარხნის ძირითადი ინფრასტრუქტურა და გაეშვება ექსპლუატაციაში. პირველ ფაზაზე დაწყებული რამდენიმე ობიექტის მშენებლობა გაგრძელდება რამდენიმე ეტაპის განმავლობაში. შემდეგ ფაზებზე ეტაპობრივად დაემატება რკინიგზის მეორე ესტაკადა, რეზერვუარები და სხვა საწარმო ობიექტები.

მშენებლობის პროცესი:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები