მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყულევის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაში ნავთობის პირველი პარტია რუსეთიდან შევიდა - Reuters

ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა

Reuters-ის ინფორმაციით, რუსულმა ნავთობკომპანია Русснефть-მა ყულევის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში მშენებარე ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას 105,000 ტონა ნავთობი მიაწოდა. ეს ამ ქარხნისთვის რუსული ნავთობის პირველი შესყიდვაა. სტატიის თანახმად, ქარხანა უკვე შევიდა ექსპლოატაციაში და პროდუქციის დამზადება დაიწყო. Русснефть-ი საერთაშორისო სანქციების ქვეშ არაა.

Reuters-ის თანახმად, ქარხნისთვის ნავთობის მიწოდება რუსულმა ტანკერმა Kayser-მა ნოვოროსიისკის პორტიდან მიაწოდა.

ცნობისთვის, ყულევის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობა გასული წლის ბოლოს დაიწყო. ქარხანამ სრული ციკლის გადამმუშავებლის ფუნქცია უნდა შეასრულოს და დასრულების შემდეგ ევრო5-ის ბენზინი და დიზელი უნდა გამოუშვას.

პროექტს "ბლექ სი პეტროლიუმი" ახორციელებს და მისი ყველა ფაზის საინვესტიციო ღირებულება 600 მილიონი დოლარია. პირველი ფაზის დასრულებისას ქარხანას წლიურად 1,2 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავება შეეძლება, მომავალში კი წარმადობა 4 მლნ ტონამდე გაიზრდება.

ქარხნის მშენებლობა კერძო კაპიტალის, სახელმწიფო ფონდის და ქართული ბანკების მიერ ფინანსდება - უფრო კონკრეტულად, საქართველოს განვითარების ფონდმა (ყოფილი საპარტნიორო ფონდი) მას 5 მილიონი დოლარის კრედიტი გამოუყო, ბანკებმა "ქართუმ", "ხალიკბანკმა" და "ბაზისბანკმა" კი ჯამში 45 მილიონი დოლარის კრედიტით დააფინანსეს პროექტის მშენებლობა.

ქარხნის დაფინანსებაში საკუთარი წვლილი სახელმწიფოს კუთვნილმა საინვესტიციო ფონდმა "საქართველოს განვითარების ფონდმაც" შეასრულა, რომელმაც კომერციულ ბანკებთან ერთად სინდიცირებული სესხი გამოუშვა. ფონდის თანამონაწილეობამ 5 მილიონი დოლარი, ხოლო კომერციული ბანკების - "ბანკი ქართუს", "ბაზისბანკისა" და "ხალიკბანკის" დაფინანსებამ კი 45 მილიონი დოლარი შეადგინა.

ყულევის ნავთოგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობა დაყოფილია 6 ფაზად. პირველი ფაზის ფარგლებში აშენდება ქარხნის ძირითადი ინფრასტრუქტურა და გაეშვება ექსპლუატაციაში. პირველ ფაზაზე დაწყებული რამდენიმე ობიექტის მშენებლობა გაგრძელდება რამდენიმე ეტაპის განმავლობაში. შემდეგ ფაზებზე ეტაპობრივად დაემატება რკინიგზის მეორე ესტაკადა, რეზერვუარები და სხვა საწარმო ობიექტები.

სექტემბრის ბოლოს ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ლევან დავითაშვილი დაინიშნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები