მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყურძნის ჭარბმოსავლიანობა - გამოწვევა თუ შესაძლებლობა დარგისთვის?

რთველი

ყურძნის ჭარბმოსავლიანობა შესაძლებლობა თუ პრობლემა ქართული მეღვინეობისთვის - ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური რთვლის პერიოდში ხდება, როცა სახელმწიფოს ათასობით ტონა ყურძნის ჩაბარება, გადამუშავება და შემდეგ მის შენახვასა და რეალიზაციაზე ზრუნვა უწევს.

სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ყურძნის ჭარბ წარმოებაში პრობლემის ნაცვლად შესაძლებლობას ხედავს.

"ჭარბი მოსავლიანობა პრობლემა არ არის. ჭარბი მოსავლიანობა არის შესაძლებლობა იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს სექტორი, ეს არის შესაძლებლობა, რომ კიდევ ახალ ბაზრებზე ვიზრუნოთ და ვიმუშაოთ უფრო აქტიურად. ეს არის შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ, როგორ შეიძლება რომ ღვინის ხარისხი გავაუმჯობესოთ და მხოლოდ ასე განვავითაროთ ღვინის სექტორი. ჭარბი მოსავალი არასდროს არ ყოფილა ღვინის დარგში და არც იქნება მევენახის საზრუნავი. ღვინო არ არის მხოლოდ სოფლის მეურნეობის დარგი, ღვინო არ არის მხოლოდ პროდუქტი. ღვინო არის ქართული სახელმწიფოს, ქართველი ერის თანაცხოვრების ნაწილი", - აცხადებს სონღულაშვილი.

2025 წლის შემოდგომის რთვლისთვის ბიუჯეტიდან რეკორდული თანხის 247 მლნ ლარის დახარჯვა გახდა საჭირო. 2024 წლის სუბსიდიაზე 5-ჯერ ნაკლები 54 მლნ ლარი დაიხარჯა. გაზრდილი ხარჯი რეკორდულმა მოსავალმა განაპირობა. გასულ წელს ყურძნის მოსავალმა 330 ათას ტონას მიაღწია, საიდანაც ნახევარზე მეტი სახელმწიფო კომპანიებმა ჩაიბარეს.

2025 წლის რთველი სუბსიდიის განსხვავებული მოდელით ჩატარდა. თუ წინა წლებში მთავრობა სუბსიდიას კერძო კომპანიებზეც გასცემდა, რომლებიც თავის მხრივ ყურძენს წინასწარ შეთანხმებულ ფასად იბარებდნენ, შარშან "ჭარბი ყურძენი" სრულად სახელმწიფოს მოსავლის მართვის კომპანიამ ჩაიბარა.

2026 წლიდან მთავრობამ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ვენახის გაშენების რეგულირებაზე მსჯელობა დაიწყო. პირველი მაისიდან ქვეყანაში მთავრობის ნებართვის გარეშე, ვენახის გაშენება ოფიციალურად აიკრძალა. ასევე აიკრძალა უნებართვოდ გაშენებული ვენახიდან მიღებულ მოსავლის გაყიდვაც. მთავრობა ახალ რეგულაციას ღვინის ხარისხის გაუმჯობესებით ხსნის.

"იმდენად ჭარბწარმოება არ არის პრობლემა რამდენადაც ის, რომ მოსახლეობა რაოდენობაზეა ორიენტირებული და არა ხარისხზე. საქართველოში არ არის იმდენი ვენახი, რომ საშუალოვადიან ან გრძელვადიან პერსპექტივაში ჭარბწარმოება იყოს. მნიშვნელოვანია, რომ ეს გარკვეულწილად დროებითი მოვლენა თავისთავად აღმოიფხვრება თუ აქცენტს გავაკეთებთ პირველ რიგში ხარისხზე და ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე",- აცხადებს ღვინის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ლევან მეხუზლა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ რეგულაციას ღვინის ხარისხზე გავლენა არ ექნება და მხოლოდ მცირე მევენახეები დაზარალდებიან.

"ეს ცვლილებები ვენახის გაშენების ნებართვის შესახებ ცალსახად ვერ იქონიებს გავლენას ყურძნის ჭარბწარმოებაზე, მინიმუმ სამი წლის განმავლობაში, უბრალოდ არ ექნება გავლენა. არც მომავალში, იმიტომ რომ ის წესები რაც დადგენილია, ეს არ არის აკრძალვა, ეს არის მხოლოდ ბარიერები, რაც ხელს შეუშლის პატარა მევენახეებს გააშენონ ცოტ-ცოტა ვენახი. მსხვილ მევენახეებს პრინციპში არც გაუძვირდებათ. ასე რომ, ჭარბწარმოებაზე ცალსახად არ იმოქმედებს", - ამბობს გიორგი სამანიშვილი.

სახელმწიფოს "მოსავლის მართვის კომპანიამ" აღებული “ჭარბი” ყურძნის უდიდესი ნაწილით საკონიაკე სპირტი გამოხდა, მცირე ნაწილით კი ღვინო დაამზადა. ამ ახალი საკონიაკე სპირტიდან 2026 წლის პირველ კვარტალში 10 მლნ ლიტრის გაყიდვა იგეგმებოდა, თუმცა აუქციონები ჩავარდა, რადგან მყიდველი არ გამოჩნდა. პირველ კვარტალში ჯამში 80 მილიონი ლარის 20 აუქციონი გამოცხადდა, რომლითაც 10 მილიონი ლიტრი საკონიაკე სპირტის რეალიზაცია იგეგმებოდა, თუმცა 20-ვე აუქციონი რამდენჯერმე გამოცხადებისა და ფასის კლების მიუხედავად, ჩავარდა.

მეღვინეები ფიქრობენ, რომ სუბსიდირების მოდელი შესაცვლელია და სახელმწიფოსგან გარანტირებული შესყიდვა ჭარბი მოსავლის ერთ ერთი მიზეზია.

"არაერთხელ გვითქვამს ჩვენს გამოსვლებში რომ სუბსიდირება ძალიან გახანგრძლივდა. იყო პერიოდი, როცა ეს აუცილებელი იყო, მაგრამ ეს ინსტრუმენტი უნდა გამოყენებულიყო შედარებით უფრო მოკლე ვადაზე. რა თქმა უნდა, სუბსიდირების ნეგატიური ეფექტი არის ჭარბი წარმოება და სახელმწიფო ცდილობს, რომ გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღოს, რადგან ამ გახანგრძლივებულმა სუბსიდირებამ გამოიწვია ის, რომ გარკვეული მევენახეები იმაზე მეტ მოსავლიანობას ქმნიდნენ ერთ ჰექტარზე, ვიდრე ეს შეეფერებოდა [ნიადაგს]", - ამბობს "თბილღვინოს" დამფუძნებელი გიორგი მარგველაშვილი.

სოფლის მეურნეობის მინისტრი მევენახეებს ჰპირდება, რომ ჩაუბარებელი ყურძენი არც წელს დარჩება. პირველ კვარტალში ღვინის ექსპორტი 6%-ით 53 მლნ დოლარამდე გაიზარდა, თუმცა საზღვარგარეთ გაყიდული ღვინის 62% ის შემსყიდველი რუსეთია. რაც ამ ბაზარზე დამოკიდებულების ზრდის მაჩვენებელია, რასაც არაერთი დაპირების თუ მცდელობის მიუხედავად ქვეყანა გვერდს ვერ უვლის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები