მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყურძნის სუბსიდირება, შესაძლოა, 2018-2021 წლებშიც განხორციელდეს

593660d01b38a
თელარა გელანტია
06.06.17 11:44
1360
მევენახეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირების მიერ მიღებული ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით სუბსიდირება, შესაძლოა, 2018-2021 წლებშიც განხორციელდეს. ამის შესახებ 2018-2021 წლებისთვის „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ" შესახებ დოკუმენტშია ნათქვამი.

თუმცა როგორც რამდენიმე დღის წინ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, საფერავის ჯიშის ყურძენზე წელს სუბსიდირება არ განხორციელდება. მინისტრი ყურძენზე მოთხოვნის ზრდას ელის, რის გამოც მისი თქმით, სახელმწიფო სუბსიდირების პოლიტიკა გადაიხედება.

"წელს ყურძნის სუბსიდირება არ გვექნება ცალსახად საფერავში. მოლოდინი ისეთია, რომ სუბსიდირება არ გვექნება არც თეთრ ყურძენზე. ჩვენ ბოლო სამი წლის განმავლობაში დავიწყეთ გარკვეული ინსტრუმენტების შექმნა, რომ ბრენდის ინდუსტრიამ სპირტის გამოსაყოფი რქაწითელი დააფინანსოს", - განაცხადა დავითაშვილმა და აღნიშნა, რომ რთველის დროს ბაზრის მონაწილეებთან დამატებითი კომუნიკაცია გაიმართება.

ცნობისთვის: BDD დოკუმენტის ქვეთავში, რომელიც მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებას ეხება, ძირირითად მიმართულებებს შორის აღნიშნულია მევენახეობის კადასტრის დანერგვა, ვენახების ფართობების აღრიცხვა; ალკოჰოლიანი სასმელების სასერთიფიკაციო ან/და სერტიფიცირებული პარტიებიდან აღებული ნიმუშების შედარების უზრუნველსაყოფად ლაბორატორიული კვლევის ჩატარება; საქართველოს ტერიტორიაზე და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინისა და კულინარიის შესახებ საგანმანათლებლო ღონისძიებების მოწყობა; ქართული ღვინოპროდუქციის საერთაშორისო და ადგილობრივი დეგუსტაციების, კონკურსების, გამოფენების და პრეს-ტურების მოწყობა და ა.შ.

2018-2021 წლებისთვის „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ დოკუმენტი უკვე პარლამენტშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები