მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყურძნის წარმოება ჩვეულებრივი ბიზნესია. ვერ იქნება ისე, რომ მე ვაწარმოო და სახელმწიფომ იზრუნოს გაყიდვაზე - ნუგზარ ქსოვრელი

ნუგზარ ქსოვრელი

სახელმწიფოს ნებისმიერი სახის ჩარევა ბიზნესში, იქნება ეს ფასის ქვედა ზღვრის დადგენა, თუ ჭარბი მოსავლის სუბსიდირებული შესყიდვა, ბაზრის ბუნებრივ განვითარებას აფერხებს - ამის შესახებ BMG-სთან „კორპორაცია ქინძმარაულის“ ყოფილი დირექტორი, „ზიარი ფერმის“ დამფუძნებელი ნუგზარ ქსოვრელი აცხადებს.

მისი განმარტებით, სახელმწიფო წლებია ყურძნის შესყიდვისა და გადამუშავების პრაქტიკას აგრძელებს, რაც ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიწყო. ხოლო, ახალი ინიციატივა, ფასების სამ კატეგორიად დაყოფის შესახებ, არსებითად ვერაფერს შეცვლის, რადგან თავად ინტერვენციის იდეაა მცდარი. ნუგზარ ქსოვრელის განმარტებით, ის თანხები, რაც ყურძნის შესყიდვაზე იხარჯება, სინამდვილეში პენსიონერების, სკოლებისა და ინფრასტრუქტურის დაფინანსებას აკლდება.

“მე თუ მკითხავთ, საერთოდ არ უნდა ერეოდეს სახელმწიფო. სამი კი არა, ორმოცდაათი საფასო კატეგორიაც რომ იყოს. ჩარევა და სუბსიდირება უკვე შეცდომაა. აი, მაგალითად სუბსიდიის თანხა საიდან მოდის? ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცა პენსიონერს ნაკლები პენსია აქვს, სკოლების და განათლების დაფინანსება ვერ იზრდება, გზები ვერ კეთდება? მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ დაიწყო ბიზნესი, ვენახი გააშენა, ვერ დათვალა და სახელმწიფოს აშანტაჟებს იმით, რომ გზას გადაკეტავს... არაპოპულარულია რასაც ვამბობ, მაგრამ ბიზნესი არის ბიზნესი. საბჭოთა კავშირი დაინგრა და გეგმური ეკონომიკა არ მუშაობს. ბაზარი არეგულირებს ყველაფერს. თუ არ მივუშვით ბაზარი, რომ დაარეგულიროს, მაშინ ეს პრობლემა მუდმივად გვექნება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ახალი ინიციატივა ფაქტობრივად, არაფერს ცვლის. თვითონ ეს იდეა არის შეცდომა. იგივეა ვაშლზე, ციტრუსზეც და ყველაფერზე. არ არის აუცილებელი, რომ ყველაფერი ვაწარმოოთ. თუ ვიღაცა ჩვენზე უკეთესად აკეთებს, იმან გააკეთოს” - ამბობს ნუგზარ ქსოვრელი BMG-სთან.

მისივე თქმით, ქვეყანაში შეიქმნა პარადოქსული ვითარება: სახელმწიფო ერთი მხრივ, ახალი ვენახების გაშენებას აფინანსებს, ხოლო მეორე მხრივ, ბიუჯეტის ფულით ჭარბ პროდუქციას ყიდულობს. ეს მიდგომა კი, საბოლოოდ დარგის სტაგნაციას იწვევს.

„მივიღეთ ის, რომ ვინაიდან სახელმწიფო ყველაფერს ყიდულობს, გლეხისთვის ვენახის გაშენება რისკის გარეშე ბიზნესად იქცა. თუ ვერ ყიდიან, გზას გადაკეტავენ და სახელმწიფო ისევ უხდის ფულს. სინამდვილეში, სანამ ვენახს გააშენებ, უნდა დათვალო - გაქვს თუ არა ბაზარი? ვენახი შეიძლება ჩვენი იდენტობის ნაწილია, მაგრამ წარმოება არის ჩვეულებრივი ბიზნესი, რომელიც რისკებს მოიცავს. ვერ იქნება ისე, რომ მე ვაწარმოო და სახელმწიფომ იზრუნოს გაყიდვაზე,“ - განმარტავს ქსოვრელი და აცხადებს, რომ რისკების ერთადერთი პრევენცია დარგიდან სახელმწიფოს სრული გასვლაა.

2026 წლის მოსავლისთვის დაგეგმილი ცვლილებებით, ხელისუფლება ჭარბი ყურძნის შესყიდვას სამი სხვადასხვა ფასით აპირებს, რაც მაღალხარისხიან მოსავალსაც მოიცავს. ღვინის ეროვნული სააგენტო ამ გადაწყვეტილებას ხარისხის წახალისებით ხსნის. სააგენტოს განცხადებით, მაღალხარისხიან ყურძენზე ფასის გაზრდა მევენახეებს მოტივაციას აძლევს, რომ ხარისხიანი მოსავალი მოიყვანონ.

"სახელმწიფო რთველის დროს ყურძნის შესყიდვის პროცესში ერთვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსავალი ჭარბია და კერძო სექტორიდან მასზე მოთხოვნა არ არის. შესაბამისად, სახელმწიფო კერძო სექტორთან კონკურენციაში არ შედის და მისი მიზანი ღვინის წარმოება არ არის. სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია ყურძენი არ დარჩეს ჩაუბარებელი და მევენახეები პრობლემების პირისპირ მარტო არ დარჩნენ. სწორედ მევენახე ფერმერების მხარდაჭერისთვის და არა ღვინის დასამზადებლად, რთველის პერიოდში, სახელმწიფო ჭარბ ყურძენს შეისყიდის“ - აცხადებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები