ყურძნისა და მანდარინის სუბსიდირებისთვის 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად ვარიანტში თანხები გათვალისწინებული არ არის.
ბიუჯეტის ამ ვარიანტის მიხედვით, ყურძნის შესყიდვა-გადამუშავების ხელშეწყობის სამუშაოებისთვის ბიუჯეტში თანხა საერთოდ არ არის გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ ამ ნაწილში დაფინანსება არ იყო გათვალისწინებული არც მიმდინარე წლისთვის, თუმცა, 2016 წლის რთველისთვის მთავრობამ ზაფხულში 25 მილიონი გამოიყო.
რაც შეეხება მანდარინს, მომავალი წლის ბიუჯეტში თანხები არც ამ ნაწილშია გამოყოფილი. მიმდინარე წლისთვის არასტანდარტული მანდარინის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებებიბისთვის მთავრობას 2 მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ბიუჯეტის პირველი ვარიანტის მიხედვით, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამების უმეტესობას დაფინანსება უმცირდება.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხები 2 მილიონით მცირდება და 5,350 მილიონს აღწევს. თანხა მცირდება აგროდაზღვევის მიმართულებითაც და წელს გამოყოფილი 9 მილიონი ლარის ნაცვლად, მომავალ წელს 5 მილიონი ლარი დაიხარჯება. მცირდება ქართული ჩაის ხელშეწყობის ღონისძიებების დაფინანსებაც და წელს გამოყოფილი 3,5 მილიონის ნაცვლად, მომავალ წელს მილიონი ლარია გამოყოფილი.
მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის ღონისძიებებისთვის კი მომავალ წელს თანხა საერთოდ არ არის გამოყოფილი.
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სესხისა და ლიზინგის ვალდებულების დაფარვის მუხლში დაფინანსება მცირდება 7 მილიონი ლარით და მომავალი წლისთვის 16 მილიონი ლარია განსაზღვრული.
რაც შეეხება პროგრამებს, რომელშიც დაფინანსება იზრდება. მომავალი წლისთვის 2 მილონით იზრდება „დანერგე მომავალის“ დაფინანსება და 7 მილიონ ლარს აღწევს. აგროსექტორის ხელშეწყობა-განვითარებისთვის დაფინანსება დაახლოებით 6 მილიონით იზრდება.
შეღავათიანი აგროკრედიტების დაფინანსებისთვის 42 მილიონი ლარია გამოოფილი, რაც წინა წლის მაჩვენებელზე მილიონი ლარით მეტია.

























