ყვავილების მაღაზია „ლილატი“ თბილისში ორანჟერეის გახსნას გეგმავს.
როგორც bm.ge-ს „ლილატის“ დამფუძნებელმა მიხეილ ხუციშვილმა განუცხადა, ორანჟერეის პროექტის განსახორციელებლად ორგანიზაციის "აწარმოე საქართველოში" 30 000-ლარიან დაფინანსებას ელოდებიან, რომლითაც ინვენტარს შეიძენენ. მისივე თქმით, ადგილზე მომხმარებელს საკონდიტრო ნაწარმსა და ჯანსაღი კვების მიმართულებას შესთავაზებენ, ამასთან მსურველებს ორანჟერეის ფლორისტები ყვავილების მოვლასთან დაკავშირებულ მასტერკლასებსაც ჩაუტარებენ.
„ორგანიზაცია „აწარმოე საქართველოში“ პროექტი გვაქვს დაწერილი და დაფინანსებას ველოდებით. დაფინანსების შემთხვევაში ვაპირებთ ორანჟერეა გავხსნათ. ადგილზე ყავა, ჩაი, საკონდიტრო ნაწარმი და ჯანსაღი კვების მიმართულება იქნება. ძირითად აქცენტს ყვავილებზე ვაკეთებთ - გვინდა ფლორისტიკის მიმართულებას მეტი პოპულარიზაცია გავუწიოთ. ამ პროფესიის მიმართ დიდი ინტერესია.
ჩვენ ხშირად კურსებს, ფლორისტიკის, ინვენთდეკორისა და ბიზნესის მიმართულებით ვატარებთ და ძალიან ბევრი ადამიანი ინტერესდება. სწორედ ამიტომ ორანჟერეაში მსურველებს საწყისად უფასო მასტერკლასებს ჩავუტარებთ, ვასწავლით ყვავილების მოვლას, მცენარეების სახეობებს, ბიზნესის განვითარებას“, - აღნიშნავს „ლილატის“ დამფუძნებელი.
ყვავილების მაღაზია „ლილატი“ ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს. კომპანიის ობიექტი სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთში“ მდებარეობს. მისი მეორე მაღაზია უახლოეს პერიოდში აეროპორტში გაიხსნება.

























