ყვავილი სულ უფრო მეტად ყალიბდება ყოველდღიური საჭიროების პროდუქტად, – ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ყვავილების მაღაზია „ამელის“ თანადამფუძნებელმა, ნუკა-ბარბარე ჩოხელმა განაცხადა.
მისი თქმით, „ამელის“ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა წლების განმავლობაში სწორედ მიწოდების შეზღუდული შესაძლებლობა იყო, რადგან მოთხოვნა მუდმივად მაღალია: „ყვავილის რეალიზაცია არ გვიჭირს და პროდუქცია არ გვიფუჭდება - მოთხოვნა იმაზე მეტია, ვიდრე მისი მიწოდება შეგვიძლია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყვავილი განსაკუთრებით ჩვენს მომხმარებელში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტად ყალიბდება“, - აღნიშნა ჩოხელმა.
მისივე შეფასებით, მომხმარებელთა ქცევა შეიცვალა: თუ ადრე სტუმრად ძირითადად საჩუქრით მიდიოდნენ, დღეს ყვავილის წაღება უფრო გახშირდა, რაც იმპორტის ზრდაზეც აისახა. ამასთან, „ამელის“ თანადამფუძნებელი ხაზს უსვამს ადგილობრივი წარმოების პრობლემას. მისი თქმით, ადგილობრივი ფერმერები ნაკლებად აქტიურობენ და ბაზარზე პრაქტიკულად არ არსებობს ადგილობრივი ყვავილის მიწოდება: „წლიდან წლამდე ეს მაჩვენებელი მცირდება, რაც ნამდვილად სამწუხაროა“, – აცხადებს ჩოხელი.
გაყიდვების ზრდის პარალელურად, კომპანიაში იზრდება არასტანდარტული და საოპერაციო პროექტების წილიც: „თბილისში ფასადებზე განთავსებული დიდი ბაფთები, გირლანდებითა და განათებებით მორთული ობიექტები, მათ შორის სასტუმროები და ბიზნეს ცენტრები, ხშირად სწორედ "ამელის" გუნდის ნამუშევარია. საახალწლო პერიოდში ეს მიმართულება განსაკუთრებით აქტიურდება“, - განმარტავს იგი.
2025 წელი კომპანიისთვის სტრატეგიული წარმატებების წლად სახელდება. ნუკა-ბარბარე ჩოხელის თქმით, „ამელიმ“ შუამავლების გარეშე დაიწყო მუშაობა და პირდაპირ ხელშეკრულებები გააფორმა ჰოლანდიის ორ უმსხვილეს საწყობთან და რამდენიმე ავიაკომპანიასთან. შედეგად, ჰოლანდიური ყვავილების მიწოდება თუ ამ დრომდე კვირაში ორჯერ ხდებოდა, ახლა უკვე თითქმის ყოველდღიურ რეჟიმზე გადავიდა, რაც მომხმარებლებისთვის უწყვეტ მიწოდებას უზრუნველყოფს.
„დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმპორტში თვალშისაცემი წილი გვაქვს. ჩვენი მომხმარებლები დარწმუნებულები არიან, რომ amelie.ge-დან შეკვეთილი ყვავილი, იქნება ეს დღესასწაული, უამინდობა თუ სხვა გაუთვალისწინებელი გარემოება, საქართველოში აუცილებლად ჩამოვა“, – აცხადებს ჩოხელი. მისივე თქმით, პარტნიორობა ჰოლანდიელ მომწოდებლებთან რვა თვის წინ დაიწყო და უკვე წარმატებულ თანამშრომლობაში გადაიზარდა.




























