საქართველოს ფარმაცევტული ასოციაციის ინფორმაციით, ყვავის და უფრო მასშტაბურ ფორმებს იძენს "შავი ბაზარი", რომელზეც არც ხარისხი და არც ფასი არ რეგულირდება. ამის შესახებ ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტს და შექმნილ პრობლემებს ეხება.
„მნიშვნელოვანია თურქეთის ბაზარზე მედიკამენტებზე ფასების 30 %-ით ზრდა ( ამ ეტაპზე). ამ ფაქტორის გავლენა ჩვენს ეროვნულ ვალუტის ქცევასთან ერთობლივად უნდა იქნეს გაანალიზებული.
ასევე თურქული მხარე ვერ უზრუნველყოფს ჩვენს მიერ მოთხოვნილი შეკვეთების რაოდენობის სრულ მოწოდებას , რაც რისკის ქვეშ დააყენებს პარალელური რეჟიმით თურქეთიდან იმპორტირებულ კიდევ რიგ მედიკამენტებს. აქვე უნდა გაგიზიაროთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციაც - ჩვენი მეზობელი ქვეყანა, აზერბაიჯანი, უახლოეს პერიოდში, დაუშვებს მედიკამენტების პარალელური რეჟიმით იმპორტს თავისი ბაზრისთვის, რაც ავტომატურად შექმნის დეფიციტს თავად თურქეთიდან განსახორციელებელ მედიკამენტების რაოდენობაზე.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ყვავის და უფრო მასშტაბურ ფორმებს იძენს შავი ბაზარი, რომელზეც არც ხარისხი და არც ფასი არ რეგულირდება. ეს კი ნამდვილად სიცოცხლისთვის და ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი გამოწვევა და რისკია“, - წერია ასოციაციის განცხადებაში.