მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ყველა დაინტერესებული მხარისთვის კარი ღიაა", - დავით მათიკაშვილი ბიზნეს-ასოციაციებს პასუხობს

5c4efbfe2163f
თამუნა დემეტრაშვილი
28.01.19 19:39
1972
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დავით მათიკაშილი აცხადებს, რომ ყველა დაინტერესებული მხარისათვის მართლმსაჯულების რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის კარი ღიაა, მათ შორის ბიზნე-ასოციაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც.

,,გვაქვს სპეციალური ფორმატი პარლამენტში, სამუშაო ჯგუფი, რომელიც ღია და საჯაროა. იქ მოხდება ძირითად პრინციპებზე შეთანხმება და ყველა ხედვამ, რომელიც მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებს უკავშირდება, იქ უნდა მოიყაროს თავი“, -აცხადებს მათიკაშვილი 4 ბიზნეს-ასოციაციის ღია წერილის პასუხად, რომლის ადრესატებიც ის და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არიან.

,,მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმების პრობლემა მნიშვნელოვანია. კრიტერიუმების შერჩევა, არის სწორი გზა იმისთვის, რომ ყველა კითხვის ნიშანი მოიხსნას ამ თემაზე. საზოგადოებამ ღია და გახსნილი პროცესი უნდა დაინახოს. პირველი ნაბიჯი ეს არის ერთად დასხდომა და კრიტერიუმებზე შეთანხმება“, - განაცხადა მათიკაშილმა bm.ge-სთან საუბრისას.

პარლამენტარი ბიზნეს-ასოციაციების კრიტიკასაც პასუხობს, სადაც ისინი შეშფოთებას გამოხატავენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის მიმართ და ამბობენ, რომ პროცესის გაუმჭვირვალობა, საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ ,,უარყოფით აღქმას აღვივებს“.

,,ამავდროულად, ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის, Heritage Foundation-დან დაწყებული, 2018 წლის შეფასებებით, ჩვენს მართლმსაჯულებაზე ცოტა სხვა შეხედულებები და წარმოდგენები აქვს“, - პასუხობს კრიტიკას დავით მათიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 4-მა ბიზნეს-ასოციაციამ - ამერიკის სავაჭრო პალატამ საქართველოში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭომ და საერთაშორისო სავაჭრო პალატამ გასულ კვირას ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს, რომელშიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი გააკრიტიკეს და ამ საკითხზე მთავრობასთან და პარლამენტთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატეს.

,,შერჩევის პროცესის წარმართვა სამართლიანი, გამჭვირვალე და განჭვრეტადი პროცესების გარეშე აღვივებს მეტად უარყოფით აღქმას საქართველოს მართლმსაჯულებისა და სასამართლოების სისტემის გარშემო, რომელიც უკვე არსებობს ბევრ დამკვირვებელს შორის. ეს ცუდია არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ უდაოდ ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციაზე, ბიზნეს გარემოზე და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობაზე“, -აღნიშნული იყო მიმართვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები