ეკონომიკის მინისტრის მოადგილის გიორგი ჩიქოვანის განცხადებით, ყველა დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტს მოსახლეობის უკმაყოფილება ახლავს თან და ეს მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი არ არის. ამის შესახებ მან პარლამენტში კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ამ განცხადებით მან უპასუხა „ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის შეკითხვას, არის თუ არა ცუდი სიგნალი ინვესტორებისთვის „ავტომატიანი ადამიანის შევარდნა“ ჰესის მშენებლობის ტერიტორიაზე.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დაეთანხმა ჭიაბერაშვილს და აღნიშნა, რომ ეს პრობლემები აქტუალურია.
"ჩვენ არ ვართ გამონაკლისი. ყველგან, სადაც ხდება დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ყოველთვის არის მოსახლეობის უკმაყოფილება. საკმაოდ რთულია ახალი პროექტების დაწყება და რა თქმა უნდა, მოსახლეობასთან აუცილებელია მჭიდრო კომუნიკაცია, ახსნა და ამ მხრივ უკვე განხორციელდა მრავალი აქტივობა.
მესტიაში უკვე განახლდა მესტიაჭალის მშენებლობა, რადგან ვიმუშავეთ მოსახლეობასთნ და გავეცით პასუხი ბევრ ობიექტურ კითხვას, რომლებზეც პასუხი არ იყო გაცემული",- აცხადებს ჩიქოვანი.

























