"ქართული ოცნების" მთავრობის ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ ყველა დონორი ორგანიზაციის მიერ გამოითქვა მზადყოფნა და მხარდაჭერა იმ პროექტების მიმართ, რომელიც ხორციელდება და უკვე შეთანხმებულია. მან ამის შესახებ აშშ-ში გამართული შეხვედრების შეფასებისას განაცხადა.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართა, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ისე მსოფლიო ბანკის მენეჯმენტთან. ასევე, მნიშვნელოვანი შეხვედრები იყო საინვესტიციო კომპანიებთან და ინვესტორებთან, რომლებსაც დიდი დაინტერესება აქვთ საქართველოს ეკონომიკისადმი, ჩვენი მაღალი ეკონომიკური ზრდისადმი და ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრებისადმი, რომელმაც აჩვენა ძალიან დიდი წინსვლა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. მნიშვნელოვანია ის მიღწევები, რომელსაც საქართველომ მიაღწია იმ რეფორმების განხორციელების პროცესში, რომლებმაც რიცხვებში დაადასტურეს თავისი წარმატება. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა დონორი ორგანიზაციის მიერ გამოითქვა მზადყოფნა და მხარდაჭერა იმ პროექტების მიმართ, რომელიც ხორციელდება და რომლებზეც უკვე შეთანხმებულები ვართ. ამ მიმართულებით, მსოფლიო ბანკი განაგრძობს თანამშრომლობას ისეთ მნიშვნელოვან პროექტებთან დაკავშირებით, როგორიცაა: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, ასევე ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამა, რომელიც ერთობლივად გვაქვს შეთანხმებული და რომელიც ითვალისწინებს 500 მლნ დოლარის დაფინანსებას, აღნიშნული პროგრამები ძალიან აქტიურად გაგრძელდება. ასევე, აღსანიშნავია ის, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ჩამოვა საქართველოში მეოთხე მუხლის მიმოხილვაზე, სადაც შევაჯამებთ იმ პროგრესს, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა აღნიშნული პროგრამის ფარგლებში და ასევე, დავსახავთ სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებს“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.




























