მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყველა დროის ყველაზე მაღალ შემოსავლიანი სერიალები - TOP 10

სერიალები

ისეთი სერიალის შექმნა, რომელიც დროს გაუძლებს, მხოლოდ შთამბეჭდავი შემოქმედებითი მიღწევა არ არის, ეს ასევე დიდი ფულისკენ მიმავალი გზაა.

მართალია, ზუსტი რიცხვები ხშირად საჯარო არ არის, მაგრამ არსებული მონაცემები კარგ წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ რა კოლოსალური თანხების მოტანა შეუძლია მაყურებლის საყვარელ შოუს. ამ სერიალებს ბევრი რამ აერთიანებთ: სარეკლამო გარიგებები, პროდუქციის გაყიდვები (ე.წ. მერჩენდაიზინგი), უზარმაზარი გავლენა პოპ-კულტურაზე და, რაც მთავარია - სანახაობა.

90-იანი წლების სიტკომებიდან დაწყებული, პოლიციური დრამებით დამთავრებული - გაგაცნობთ ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან სერიალებს. ამ თემაზე საუბრისას ხშირად შეხვდებით სიტყვას "სინდიკაცია", რომელიც სატელევიზიო უფლებების სხვა არხებისთვის მიყიდვის პროცესია.

Stranger Things ("უცნაური ამბები”) - 1 მილიარდ დოლარზე მეტი

მეათე ადგილს, 1 მილიარდ დოლარიანი შემოსავლით, უცნაური ამბები იკავებს. ამ სიაში შემავალი სხვა სერიალებისგან განსხვავებით, ამ შოუს შემოსავლის საყრდენი სინდიკაცია არ არის, რაც იმ ფაქტს, რომ ის უკვე "მილიარდიანი მანქანაა", კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის.

უდავოა, რომ 2016 წლიდან მოყოლებული, ეს ზებუნებრივი შოუ "ნეტფლიქსისთვის" გამომწერების მაგნიტად იქცა, თუმცა მას უზარმაზარი შემოსავალი მოაქვს მერჩენდაიზინგიდანაც. ტანსაცმელი, კოსმეტიკა, საკოლექციო ნივთები და კოლაბორაციები ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Nike და Lego. სერიალის ფინალური სეზონი 2025 წლის 31 დეკემბერს გამოვიდა და სულ მალე გახდება ცნობილი, შეძლებს თუ არა სერიალი რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურებას.

The Walking Dead ("მოსიარულე მკვდრები”) - 1.5 მილიარდ დოლარზე მეტი

მეცხე ადგილზეა "მოსიარულე მკვდრები”, რომელმაც 1.5 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. სერიალი 2022 წელს, 11 სეზონისა და 177 ეპიზოდის შემდეგ დასრულდა, თუმცა მისი "სამყარო" (და ფულის კეთების პროცესი) კვლავაც აგრძელებს არსებობას.

პიკში ყოფნისას, აპოკალიფსური შოუ მხოლოდ აშშ-ში, თითო ეპიზოდის რეკლამიდან 17 მილიონ დოლარს გამოიმუშავებდა. სინდიკაციისა და სტრიმინგის გარდა, მას აქვს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური "მერჩი": სათამაშო ფიგურები, ვიდეო თამაშები და ატრაქციონიც კი ჰოლივუდის "უნივერსალის" პარკში.

Game of Thrones (სამეფო კარის თამაშები) - 3.6 მილიარდ დოლარზე მეტი

6 სეზონის განმავლობაში HBO-ს საკულტო სერიალმა 3.6 მილიარდი გამოიმუშავა. მართალია, "სამეფო კარის თამაშების” შექმნა, განსაკუთრებით ბოლო სეზონებში, სტუდიას ძვირი უჯდებოდა, მაგრამ სტუდიისთვის ეს ინვესტიცია ნამდვილად ღირდა. HBO-ს სტრიმინგ პლატფორმამ მილიარდები მიიღო გამომწერებისა და საერთაშორისო ჩვენებების წყალობით. სერიალს ასევე აქვს უზარმაზარი ბაზარი საკოლექციო ნივთებისთვის, სამაგიდო თამაშებისა და სამკაულებისთვის.

Grey's Anatomy (გრეის ანატომია) - 4.7 მილიარდ დოლარზე მეტი

"გრეის ანატომიამ" "დისნეის" თითქმის 4.7 მილიარდი დოლარი მოუტანა. 2018 წელს მთავარი როლის შემსრულებელმა, ელენ პომპეომ ხელფასის მომატების მოთხოვნისას არგუმენტად სწორედ ეს სტატისტიკა მოიყვანა. როგორც მან ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, როდესაც შენი სახე და ხმა ამხელა მოგების ნაწილია, ფიქრობ, რომ იქიდან წილს იმსახურებ. პომპეომ მიზანს მიაღწია და ხელფასი წლიურ 35 მილიონ დოლარამდე გაეზარდა. შონდა რაიმსის სამედიცინო დრამა გაჩერებას არ აპირებს და სინდიკაციით კვლავ მილიონობით დოლარს გამოიმუშავებს.

NCIS ("საზღვაო პოლიცია”) - 6.3 მილიარდ დოლარზე მეტი

მეექვსე პოზიციაზე NCIS, 6.3 მილიარდიანი შემოსავლით. "საზღვაო პოლიციამ” და მისმა სპინ-ოფებმა, მათ შორის "NCIS: ლოს-ანჯელესმა” და "NCIS: სიდნეიმ” ჯამში 1000-ზე მეტი ეპიზოდი შექმნეს. ეს ფრენჩაიზი გლობალურად არაერთი ოჯახისთვის სატელევიზიო ეთერის განუყოფელი ნაწილია, რასაც უზარმაზარი მოგება მოაქვს. სერიალი ამჟამად 23-ე სეზონზე მუშაობს

Law & Order ("კანონი და წესრიგი”) - 6.3 მილიარდ დოლარზე მეტი

ასევე 6.3 მილიარდიანი შემოსავლით, "კანონი და წესრიგის” ფრენჩაიზი 7 შოუს აერთიანებს. ჯამში 1400-ზე მეტი ეპიზოდსა და 67 სეზონს... რაც ძალიან ბევრ გამოძიებულ საქმეს ნიშნავს. გასაკვირი არაა, რომ ამდენი სეზონი და სპინ-ოფი მსოფლიო მასშტაბით ნამდვილ "ოქროს საბადოდ" იქცა.

Seinfeld (საინფელდი) - 7.2 მილიარდ დოლარზე მეტი

Bloomberg-მა ჯერი საინფელდი 2024 წელს მილიარდერად გამოაცხადა. "შოუ არაფერზე" 90-იანების კულტურული ფენომენი იყო, თუმცა აქტუალობა დღემდე არ დაუკარგავს. სერიალის მხოლოდ გამეორებებმა დაახლოებით 6.3 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. მიუხედავად იმისა, რომ სერიალი სტრიმინგების ეპოქამდე დიდი ხნით ადრე გადიოდა, 2021 წელს "ნეტფლიქსმა" მის ჩვენებაში თითქმის 800 მილიონი დოლარი გადაიხადა.

The Big Bang Theory ("დიდი აფეთქების თეორია”) - 7.2 მილიარდ დოლარზე მეტი

ტოპ სამეულს "დიდი აფეთქების თეორია” ხსნის, რომელმაც 7.2 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. ნელი დასაწყისის შემდეგ, სერიალი მესამე სეზონისთვის რეიტინგების მონსტრად იქცა და მას შემდეგ ტემპი აღარ დაუგდია.ტელეარხ CBS-სთვის სერიალს თითო სეზონში მხოლოდ რეკლამებიდან 200 მილიონი დოლარი შეჰქონდა. შოუ 2019 წელს, 12 სეზონის შემდეგ დასრულდა, მაგრამ სტრიმინგისა და სინდიკაციის წყალობით ფულის ნაკადი დღემდე არ წყდება.

Friends ("მეგობრები”) - 7.6 მილიარდ დოლარზე მეტი

ყველასთვის საყვარელი "კომფორტის" სერიალი 20 წელზე მეტია რაც დასრულდა, მაგრამ მას შემდეგ მილიარდებს გამოიმუშავებს. NBC-ის ეთერში გასვლისას ის პირველი ოთხი წელი წაგებაზე მუშაობდა... მაგრამ შემდეგ დაიწყო სინდიკაცია. Forbes-ის დათვლით, სერიალმა სტუდიას 7.6 მილიარდი მოუტანა. ამ გამეორებების ხარჯზე მთავარი მსახიობები წლიურად დაახლოებით 31.5 მილიონ დოლარს იღებენ.

The Simpsons (სიმფსონები) - 22 მილიარდ დოლარზე მეტი

36 სეზონი, 800-მდე ეპიზოდი - გასაკვირი არაა, რომ "სიმფსონების" 22 მილიარდ დოლარიან შემოსავალთან ახლოსაც ვერავინ მიდის. 1989 წლიდან სერიალმა ეს ქონება გლობალური ჩვენებებითა და მერჩენდაიზინგით დააგროვა (სათამაშოებიდან დაწყებული - ვიდეო თამაშებით დამთავრებული). ეს ყველაზე ხანგრძლივი ამერიკული სიტკომი და ანიმაციური სერიალია, რომელსაც დასასრული არ უჩანს - რაც ნიშნავს, რომ ფულის მანქანა მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები